საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქარტია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ჟურნალისტური ეთიკის ქართია მიიჩნევს, რომ 5 ივნისს ხელისუფლებამ ძალადობის აღსაკვეთად შესაბამისი ზომები არ მიიღო და რიგ შემთხვევაში ძალადობა წაახალისა და შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.
მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს:
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
- დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
- ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
- დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
- დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.