24.11.2024

აგვისტოს ომის ვეტერანი, რომელიც ნაგავსაყარზე ცხოვრობს: 22 ლარს მაძლევს სახელმწიფო

„ყოველდღე ნაგავსაყრელზე ხორცის კონსერვის და „ბუმის“ კოლოფებს ვაგროვებ, 20-25 კოლოფი მაინც უნდა მოაგროვო, კილო რომ გამოვიდეს. სახელმწიფო მხოლოდ 22 ლარს მიხდის, როგორ ვიარსებოთ? 3 შვილი მყავს, მეშინია, მშიერი არ მომიკვდეს შვილები… 22 ლარს იმიტომ მიხდიან, რომ აგვისტოს ომის ვეტერანი ვარ,“ – ამბობს 39 წლის ჯემალ ბერიძე, რომელიც წლებია ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს.

ნახეთ, რატომ უხდის 22 ლარს ომის ვეტერანებს სახელმწიფო

„მეორე ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი,“ – ომს იხსენებს აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც ნაგავსაყარზე ქოხი ჩაუდგამს და იქვე ნაპოვნი ხასხასა, წითელი ნაჭრებით დაუფარია ერთადერთი ოთახის კედლები. ოთახში მხოლოდ საწოლია, პატარა ტელევიზორი და ძველი ქვაბი, თეფში და ყავის ჭიქები.

„როცა ომი დასრულდა, ჩემი სამხედრო მანქანა ავარიაში მოყვა,“ – განაგრძობს თხრობას ჯემალ ბერიძე, – „ჩემთან ერთად ვინც იყო, ის იქვე დაიღუპა, მე თავის ტვინის დახურული ტრავმა მქონდა, წელი მოტეხილი, ხელებში ძალა ახლაც არ მაქვს, ელენთა ამომიღეს… გორის ჰოსპიტალში ვიწექი. მითხრეს, პენსია და ყველაფერი ხუთიანზე იქნებაო, მაგრამ არაფერი. 5-ჯერ თუ 6-ჯერ მივმართე მთავრობას, მაგრამ ვერ გავიგე პასუხი“.

ჯემალ ბერიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ომის ვეტერანის შვილებს თამაში ნაგავსაყარზე უწევთ.

„ცოლ-შვილი და დედა ბათუმში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად აქ მოდიან და ღამითაც ჩერდებიან, იქაც სიღარიბეა და აქაც.

ვიცი, რომ ძალიან ცუდია, როცა ნაგავსაყარზე ბავშვები თამაშობენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არის?“ – კითხულობს ომის ვეტერანი.

ჯემალ ბერიძეს საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში აქვს, თუმცა იქ ცხოვრება მეწყრული პროცესების შემდეგ საშიში გახდა.

„15-20 წელია, რაც ნაგავსაყარზე ქოხი ჩავდგი და აქ ვცხოვრობ. ესაა ყველაფერი, რაც გამაჩნია,“ – წითელ კედლებს უყურებს ვეტერანი და საწოლზე გაშლილ საძილე ტომარას.

„ჯარიდან ეს შემომრჩა მხოლოდ,“ – დასძინა მან.

რატომ არის სახელმწიფო უყურადღებო ომის ვეტერანის მიმართ, ვისი სოციალური მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა? – ქობულეთის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჯემალ ბერიძის საცხოვრებელი სახლი სოფელ ლეღვაში მართლაც ავარიულია, მაგრამ ის აღდგენას ექვემდებარება.

„2016 წელს ჯემალ ბერიძემ მიიღო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 7 ათასი ლარი, თუმცა მონიტორინგის პროცესში გაირკვა, რომ მას მიზნობრივად ეს თანხა არ გამოუყენებია. სხვა სახის განცხადებით ჯემალ ბერიძეს მუნიციპალიტეტისთვის არ მოუმართავს,“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.

ჯემალ ბერიძის შესახებ ვიკითხეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრშიც. უწყებაში განმარტებას დაგვპირდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მათგან პასუხს მივიღებთ, აქვე შემოგთავაზებთ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

ავტორი: ჯაბა ანანიძე

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img