შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ვახტანგ გომელაური „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად აიცრებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც.
“აცრა გავიკეთე ჩინური წარმოების „სინოფარმით“. ეს ნაბიჯი იქედან გამომდინარე გადავდგი, რომ მინდა ყველას, პირველ რიგში, შსს-ს თანამშრომლებს მოვუწოდო, გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ეს „სინოფარმი“ თუ სხვადასხვა ვაქცინა, შეიძლება „ასტრაზენეკაც“ გაიკეთონ და კიდევ სხვა. სამწუხაროდ, რასაც მსოფლიოში ვხედავთ, წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი შეცვლილა, დღითი-დღე უარესდება მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან ვითარება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას საბოლოოდ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.