ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა ჯგუფები შედგეს და მოხდეს ორგანიზებულად აცრა, როგორც ეს სხვა ჯგუფების შემთხვევაში გაკეთდა.
„ჟურნალისტთა კორპუსში ძირითადად ახალგაზრდები არიან. 55 წელზე ზევით ალბათ ბევრი არაა. მას, ვინც 55 წელს ზემოთაა, თავისუფლად შეუძლია „ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირება და ჩაწერა. ხოლო დანარჩენებს, ვისაც აცრის სურვილი აქვს, შეუძლია „სინოფარმზე“ ჩაწერა. ვიცი, რომ თბილისში ჩაწერასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ მომავალი კვირიდან თბილისში სულ მცირე 30 ახალი კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.