14.06.2021
- Advertisement -

ანა დოლიძე მერობის კანდიდატზე – კვლევებმა უნდა გადაწყვიტოს ვისზე უნდა შეთანხმდეს ერთობლივად ოპოზიცია

მერობის კანდიდატი უნდა დასახელდეს კვლევების საფუძველზე. კვლევებმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკოსი არის ყველაზე პოპულარული თბილისში – „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. უკვე ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსი ვერ გაიმარჯვებს, ეს არაერთხელ ვნახეთ. ამიტომ კვლევებმა უნდა გადაწყვიტოს ვისზე უნდა შეთანხმდეს ერთობლივად ოპოზიცია, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე დედაქალაქის მერის კანდიდატთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიას.

დოლიძე ოთხ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ უნდა იყოს მერობის კანდიდატი ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა.

„დადგა საკითხი თუ როგორი უნდა იყოს თბილისის მერი და შეიძლება თუ არა ეს იყოს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა, ანუ იყოს არაპოლიტიკოსი, ე.წ. მეურნე ან მაგალითად, დიდი ბიზნესის წარმომადგენელი. მე არ ვეთანხმები ამ პოზიციას და მინდა დაგისახელოთ ოთხი მიზეზი თუ რატომ უნდა შევხედოთ ამ საკითხს განსხვავებულად:

1. თბილისის მერი იქნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობა, რადგან პირდაპირი არჩევის წესით ავირჩევთ. მას ასიათასობით ადამიანი მისცემს ხმას და პირდაპირ ხალხისგან ექნება ნდობა. შესაბამისად, ამხელა პოლიტიკური, დემოკრატიული სანდოობის და ლეგიტიმაციის მქონე პირს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებდეს, აბსოლუტურად ანომალიურია. ანუ ოლიმპიადაზე ვუშვებთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ არის სპორტსმენი. ეს არასწორი იქნება თამაშის წესებიდან გამომდინარეც.

2. რატომ არ უნდა იყოს მერობის კანდიდატი დიდი ბიზნესის წარმომადგენელი. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა და ყველა ადამიანმა, რომელიც მოდის პოლიტიკაში და ჰგონიათ, რომ თუ წარმატებული იყო ბიზნესში, იგივე წარმატებას მიაღწევს სახელმწიფოს მმართველობაშიც. სახელმწიფო არ არის ბიზნესი, სახელმწიფო არ არის კორპორაცია. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ხელისუფლების ყველა შტოში – პარლამენტშიც, სასამართლოშიც და აღმასრულებელშიც. სახელმწიფოსა და ერთი კორპორაციის მართა საერთოდ სხვადასხვაა. შესაბამისად, გამოუცდელი ადამიანის მიყვანა მერის თანამდებობაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება ნამუშევარი აქვს საკუთარი მოგებისთვის, არასწორია.

3. შევხედოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. ხომ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ევროპული კავშირის ნაწილი. ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძირითადად მერობა არის ტრამპლინი პრემიერობისთვის. მაგალითად, ინგლისის პრემიერი ბორის ჯონსონი იყო ლონდონის მერი, ჟაკ შირაკიც საფრანგეთის პრემიერ მინისტრობამდე იყო მერი, სარკოზიც საფრანგეთის პრეზიდენტობამდე იყო მერი. როდესაც მერობიდან იღებ პოლიტიკურ გამოცდილებას და შემდეგ იწყებ უკვე ქვეყნის მართვას, ეს არის ტიპური ევროპული გამოცდილება.

4. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? რეალურად ჩაკლა პოლიტიკა და ჩაკლა მინისტრები, როგორც პოლიტიკური თანამდებობები. მთელს მსოფლიოში და ევროპაში, მინისტრი არის პოლიტიკოსი, რომელსაც ადარდებს პოლიტიკური მომავალი. იბრძვის, რომ ისევ აირჩიონ და, აქედან გამომდინარე, ბევრ რამეს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილმა კი მოკლა სამინისტროები. დღეს ჩვენ გვყავს ფულის მკეთებელი რუხი ჩინოვნიკები, რომლებიც აწყობენ ტენდერებს, მონაწილეობენ აღებ-მიცემობაში და პოლიტიკა საერთოდ არ ადარდებთ. არც ხმები ადარდებთ. ადარდებთ მხოლოდ ერთადერთი რამ, ერთ ადამიანს მოაწონონ თავი და თვითონ გამდიდრდნენ. ამ მოდელის გაგრძელება ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვჭირდება ევროპული მოდელი, როდესაც პოლიტიკოსი იწყებს ადგილობრივი დონიდან, ოლქში, უბანში, მერე პარლამენტში. ანუ ყოველ ჯერზე განამტკიცებს საკუთარ მდგომარეობას”, – აცხადებს ანა დოლიძე.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ვლადიმერ ზელენსკი – თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს

„თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აცხადებს უკრაინის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -