სასამართლო ვერ დაელოდება 2022- ს, ამიტომ რეფორმას უნდა გამოეყოს ყველაზე უფრო სწრაფად განსახორციელებელი ნაწილი და ეს არის იუსტიის საბჭოს რეფორმირება, რომელიც უნდა იყოს პრიორიტეტი რიგითობით, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლოს ქირურგიული ჩარევა სჭირდება და რეალურად, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება ემსახურება საფუძვლის მომზადებას ფუნდამენტური რეფორმისთვის.
„ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ის, რაც შენდებოდა 30 წლის განმავლობაში და შენდებოდა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს არ ჰქონოდა დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს ჰყავდეს ის კონტროლის ქვეშ, ამას ერთ და ორ დღეში ვერ ეშველება. ეს არის ფაქტი. ჩვენ მუდმივად ვამბობთ – სასამართლოს სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს ქირურგიული და ფუნდამენტური ჩარევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იქნება ძალა ან ძალები, რომელსაც ექნება კომპეტენცია, გამბედაობა და არ დასძლევს ცდუნება, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლების მსგავსად მორჩილი სასამართლო იყოლიოს.
მანამდე შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება ემსახურება საფუძვლის მომზადებას ფუნდამენტური რეფორმისთვის. მე არ მოვსულვარ აქ იმისთვის, მოვისმინო ხელისუფლება როგორ უყურებს ამას ან წარმოვადგინოთ, ჩვენ როგორ ვუყურებთ ამას. ქვეყანაში დაგროვილია სიღრმისეული ექსპერტიზა და ცოდნა თუ რატომ არის სასამართლო ამ დღეში, როგორ ჩაიარა რეფორმის სხვადასხვა ტალღამ და რა პრობლემები ჰქონდა მას, ამიტომ ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ამ რეფორმის წარმმართველი და განმსაზღვრელი უნდა იყოს უკვე არსებული გამოცდილება და ადამიანები სამოქალაქო სექტორიდან, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის პრობლემა. ეს უნდა იყოს ინკლუზიური რეფორმა, როგორც მიშელის დოკუმენტშიც არის მითითებული, სადაც მხოლოდ პოლიტიკური ძალები კი არ სხედან და საუბრობენ, რა ვუშველოთ სასამართლოს, არამედ ჩართულია საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც აქვს ცოდნა და არ აქვს პოლიტიკური ინტერესი, არის ნეიტრალური და აქვს ერთადერთი ინტერესი დაეხმაროს მართლმსაჯულების გაჯანსაღებას,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.