პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიცია ვითარების დაძაბვას ეცდება და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ამისთვის პასუხისგება მოუწევს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმარ სააკაშვილის ბადრაგირებას უზრუნველყოფს და მას ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
„საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმარ სააკაშვილის ბადრაგირებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მას ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას აქამდეც ჰქონდა შესაძლებლობა, დისტანციურად ან უშუალოდ დაწესებულებაში მიეღო პროცესში მონაწილეობა, რაზეც მან უარი თქვა. რა თქმა უნდა, შესაბამისი დაწესებულება, ამ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს. ამიტომ, მოხდება მისი ბადრაგირება და წარიმართება სასამართლო პროცესი. რა თქმა უნდა, ეცდებიან რადიკალიზაციას, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და კანონს გადააბიჯებს, ამას პასუხს თავად კანონი გასცემს. შესაბამისი სცენარისთვის, ყველა დაწესებულება, ყველა შესაბამისი ინსტიტუცია მზადაა. ცხადია, არავის არ მიეცემა საზოგადოებრივი უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.