ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არა ერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გულწრფელია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე და ამ შერიგებას, პირველ რიგში, სამართლიანი შეფასებები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარება სჭირდება.
„ჩვენ გვსურს, რომ შევამციროთ დეპოლარიზაცია, თუმცა დეპოლარიზაციის შემცირება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სამართლიანად მოხდება იმის შეფასება, რაც აქამდე იყო სადავო. სიმართლე გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ გუნდმა სისტემურად დაარღვია ადამიანის უფლებები, დააზარალა ბიზნესი და საკუთრების უფლება უხეშად შელახა, ასევე შეიჭრა მედიაში და ათასობით ადამიანს გაუსწორდა ძალადობრივად განსხვავებული აზრისთვის. სანამ ამას არ მიეცემა სამართლებრივი შეფასება და აღიარება „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყოველგვარ შერიგებაზე საუბარი, რაც დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა, არის თვალთმაქცობა და ფარისევლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.