პარლამენტის ვიცე- სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკრაინის რადას სპიკერის საჯარო განცხადების და მოწვევის შემდეგ, საქართველო იყო მესამე ქვეყანა და მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც კიევში ჩავიდა. მისი თქმით, განცხადებები „თითქოს საქართველომ დააგვიანა“ და „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, არის სპეკულაცია.
როგორც თალაკვაძემ ჟურანლისტებთან აღნიშნა, პოლიტიკოსების ნაწილის მცდელობა, რომ “ცალკე საქართველოს წარმომადგენლები” ყოფილიყვნენ კიევში, საზოგადოების შეურაცხყოფაა.
„ეს ვიზიტი არის ჩვენი ორმხრივი მეგობრობის კიდევ ერთი დასტური და ამან წერტილი უნდა დაუსვას სპეკულაციებს, რომელსაც მიმართავდა წინა პერიოდში რადიკალური ოპოზიცია საქართველოში. ეს იყო იმისთვის, რომ დაეზიანებინათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება და საკუთარი ქვეყნის იმიჯი, თუმცა, ასეთ მცდელობებს ხელისუფლება ყოველთვის უპასუხებს გადამწყვეტი ნაბიჯებით, დამაჯერებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. უკრაინაში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და ეს ვიზიტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. იმდენად არასერიოზულია იმის მცდელობა, რომ ცალკე წარმოადგინონ ქვეყანა და თავის თავი წარმოაჩინონ როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებად, მთელი საპარლამენტო დელეგაცია შედგა, გაემგზავრა უკრაინაში და ამ დროს, ეს ხალხი, პოლიტიკოსების ნაწილი ცდილობს, ცალკე საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. ეს თავისთავად ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა პირველ რიგში, მაგრამ მერწმუნეთ, კიევიდან კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რამდენად ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია ასეთი ინიციატივები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ და ვერ გახდება სანქციების გვერდის ავლის არეალი და ამისთვის ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებს დგამს, რაც იციან უკრაინელმა კოლეგებმა.