აშშ-მა საწვავის უმსხვილეს ოპერატორ კომაპნია Colonial Pipeline-ზე კიბერშეტევის შედეგად მუშაობა შეაჩერა და რეგიონული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მილსადენი Colonial Pipeline-ი დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია.
რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული კიბერშეტევის უკან კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება Dark Side- ი დგას, რომელმაც Colonial Pipeline-ის ქსელში შეაღწია და თითქმის 100 გბ მონაცემები „მძევლად აიყვანა.” თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა ჯგუფმა განახორციელა თავდასხმა.
მიტაცების შემდეგ, ჰაკერებმა ზოგიერთ კომპიუტერსა და სერვერზე მონაცემები ჩაკეტეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი ჰაკერები მონაცემების ინტერნეტით გაჟონვით იმუქრებიან.
Colonial Pipeline-ში აცხადებენ, რომ მომსახურების აღსადგენად
სამართალდამცავებთან, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებსა და ენერგეტიკის დეპარტამენტთან აქტიურად მუშაობენ.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საშუალებას იძლევა, საწვავის ტრანსპორტირება გზის საშუალებით მოხდეს. ექსპერტების თქმით, ორშაბათს საწვავის ფასები სავარაუდოდ 2-3% -ით მოიმატებს, მაგრამ თუ არსებული მდგომარეობა კიდევ გაგრძელდება და მილსადენი დახურული კიდევ მეტხანს დარჩება, ეს გავლენა გაცილებით უარესი იქნება.