ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის იმ ნაწილის შემოსვლა პარლამენტში, რომელიც პარლამენტს გარეთაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის პარლამენტში შესვლა შარლ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაციისა და პარლამენტში ოპოზიციის ფლანგის გაძლიერებისთვისაა აუცილებელი.
„ჩემი იმედია, სურვილია, რომ „ნაცმოძრაობა“ შემოვა პარლამენტში და პარლამენტის კედლებში ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და შევეცადოთ მაქსიმალური წვილი შევიტანოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საქმეში. იმისთვის, რომ ოპოზიციურმა ფლანგმა გაიმარჯვოს და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს იმ ზღვარამდე მისვლა, რომელიც თვითმმართელობის არჩევნებში დაწესებულია შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მაქსიმალურად შეძლოს არჩევნებზე თავისი ამომრჩევლის მოყვანა, გააფართოოს თავისი ამომრჩევლების ბაზა და კოორდინაცია განახორციელოს იქ, სადაც შესაძლებელია. მაგალითად, ეს არის მაჟორიტარი დეპუტატების თემა, სადაც პირდაპირ იკვეთება კოორდინაციის საჭიროება. დანარჩენ ნაწილში მნიშვნელოვანია ჩვენ ამომრჩეველში აღრევა არ გამოვიწვიოთ და თითოეულ პარტიას მკაფიოდ ჰქონდეს არჩევნების დროს იდენტობა განსაზღვრული. „ლელო“ მოქმედებს თავისი სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.