ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საარჩევნო კანონმდებლობაში შემოთავაზებულ ცვლილებებს, არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს – ამ ცვლილებებს „ქართულმა ოცნებამ” დაამატა სადამსჯელო ზომები,- ამის შესახებ ფრაქციის, „ლელო – პარტნიორობა სქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გარდა სადამსჯელო ზომებისა, ცვლილებებში ჩანს „ფავორიტიზმიც”, ამიტომ „ლელო“ მას მხარს ვერ დაუჭერს.
„იმ ცვლილებებში რასაც ჩვენ ახლა წარმოგვიდგენენ, არის ისეთი ცვლილებები, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ სადამსჯელო სანქციაა, ფავორიტიზმიც აისახება, ეს ცვლილებები რომ შეზღუდულიყო იმით, რაც წერია მიშელის დოკუმენტით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ”, როგორც მას სჩვევია, დაამატა სადამსჯელო ზომები კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. ეს დაუშვებელია,”- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისათვის, მანამდე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს, დაარღვევენ მიშელის შეთანხმებას. კობახიძის თქმით, ამაზე მათ პოლიტიკური რეაქცია ექნებათ.