“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ქართული ოცნებას” გეგმაში “ყოვლად უმსგავსო” მცდელობა აქვს და ცდილობს, რომ პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებები “გადახიოს”. ამით ჯაფარიძე ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.
“როგორც ჩანს, ყოვლად უმსგავსო მცდელობა არის მათ გეგმებში, რომ გადახიონ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ამის გადახედვა იქნება საზოგადოდ დარღვევა ყველა ცივილიზებული ნორმის და საპარლამენტო ცხოვრებაში მიღებული ელემენტარული წესრიგისაც კი”, – ამბობს ჯაფარიძე.
საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა, როგორც დღეს კობახიძე ამბობს, ცვლილებების დამტკიცება “სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული”.