რუსი ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში დაიკარგა. ექიმი, რომელიც იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელი იყო, სადაც გასულ ზაფხულს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პუტინის ყველაზე დიდ კრიტიკოსს ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ. ნავალნის მკურნალობის შემდეგ, მურახოვსკი ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმობიდან, რამდენიმე თვეში დააწინაურეს და ომსკის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკვე ორი დღეა, ტყეში ეძებენ ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრ მურახოვსკს. მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ომსკის რეგიონის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი აღარავის უნახავს მას შემდეგ, რაც 7 მაისს სანადირო ბაზა ყველგანმავალი მანქანით დატოვა. სამინისტრო აცხადებს, რომ მურახოვსკის ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ გადაუდებელი დახმარების უწყებები, ნადირობის ინსპექტორები, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებნი. ძებნის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები და დრონებიც, თუმცა ამ დრომდე დაკარგული ექიმის კვალს ვერ მიაგნეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში მოულოდნელად გარდაიცვალა ომსკის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციული განყოფილების მთავარი თერაპევტის 55 წლის თანაშემწე სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც მოწამვლის შემდეგ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა. ოფიციალურად მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.
მაქსიმიშინის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში ასევე გარდაიცვალა იგივე კლინიკის კიდევ ერთი ექიმი, ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი 63 წლის რუსტამ აგიშევი. მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ინსულტი დაასახელეს.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 2020 წლის 20 აგვისტოს მიიღეს მას შემდეგ, რაც ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში გახდა ცუდად.