28.09.2021
- Advertisement -spot_img

ევროპაში შიშობენ, რომ ავღანეთის მოვლენები ახალ საემიგრაციო კრიზისს გამოიწვევს

ამერიკის ხმა

საბერძნეთმა თურქეთთან სასაზღვრო კედლის მშენებლობა დაასრულა. ევროპაში იზრდება შიში, რომ ავღანეთიდან მათკენ დევნილთა დიდი ნაკადი წამოვა, რადგან მათ ჯერ კარგად ახსოვთ 2015 წლის საემიგრაციო კრიზისი. ანალიტიკოსების აზრით კი, ეს შიში გადაჭარბებულია და 6 წლის შემდეგ, მიგრანტებისთვის ევროპაში მოხვედრა დღეს გაცილებით უფრო რთულია.

საბერძნეთს თურქეთთან დღეს ახალი 40-კილომეტრიანი სასაზღვრო კედელი ჰყოფს. მშენებლობის დასრულება ავღანეთიდან დევნილების მოსალოდნელი ნაკადის ფონზე კიდევ უფრო დაჩქარდა. ბერძენთა დაცვის მინისტრი, მიქაელის ქრისოქოდისი ამბობს: „მხარს ვუჭერთ ყველა ხალხის დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებებს, მაგრამ მიგრანტების მოსალოდნელი მოზღვავების ინსტრუმენტალიზაციას ვერ დავუშვებთ“.

ათენი პირობას დებს, რომ დევნილებს ევროკავშირის და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მოეპყრობა, თუმცა თადარიგს წინასწარ იჭერს. წარსულში, სწორედ საბერძნეთი იყო ერთგვარი კარიბჭე, საიდანაც 2015 წელს ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა. მათ შორის დიდი ნაწილი ომს გამოქცეული სირიელები იყვნენ.

ევროპის კავშირის ლიდერები ბოლო დღეებია გაფრთხილებას გამოთქვამენ ავღანეთიდან მიგრანტთა მოსალოდნელი ტალღის თაობაზე. თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი მათ შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

„ხალხს ქვეყნის დატოვებაში მეზობელ სახელმწიფოებში მიღებული შეკავების და ლოკალიზაციის ზომები შეუშლის ხელს, პოტენციურად თალიბების ქმედებაც… მაგალითად ირანმა რამდენჯერმე ჩაკეტა საზღვარი… თურქეთმა კი ირანთან საზღვარზე კედელი ააშენა“ – ამბობს ჰელინა ჰანი ევროპული პოლიტიკის ცენტრიდან.

მაგრამ თურქეთში ამ ზომების მიუხედავად, ავღანელების ნაწილმა უკვე ჩააღწია. ისინი ახლა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ვანში იმყოფებიან. მირზა ფაქირი ერთ-ერთი ავღანელი მიგრანტია. ის დახმარებას ითხოვს: „მინდა ევროპას და სხვა ქვეყნებს დახმარება ვთხოვო. ავღანელები ვართ, არ ვიბრძვით, თალიბები არ ვართ. უბრალოდ, კარგი ცხოვრება გვინდა“.

თურქეთმა საზღვრის დამრღვევები სპეციალურ ცენტრში მოათავსა და ავღანეთთან რეპატრიაციის ფრენები შეაჩერა. „ჩვენ მათ ისეთ ქვეყნებში გადაყვანას უზრუნველვყოფთ, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკა და კანადა“ – აღნიშნავს რამზან სეჩილმისი, მიგრაციის მართვის დირექტორი.

დღეს დაახლოებითაც არავინ იცის, თუ რამდენ დევნილს მიიღებენ ამ ქვეყნებში, თუმცა მზადება დაწყებულია. ევროპის კავშირის ოფიციალურმა პირებმა კვირას მადრიდში მდებარე ავღანელი დევნილების მიმღები ცენტრი დაათვალიერეს და წევრ ქვეყნებს მეტი მიგრანტის შეფარებისკენ მოუწოდეს. დღეისთვის ევაკუირებულთა უმეტესი ნაწილი ის ავღანელებია, ვინც მთელი ეს წლები დასავლეთის ძალებს ეხმარებოდა.

ჰელინა ჰანი ამბობს, რომ ევროპის კავშირს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. მისი აზრით, „ევროკავშირის ქვეყნებს ლიმიტების გაზრდა შეუძლიათ. წინა წლებში ფოკუსი სირიელებზე იყო. გეოგრაფიული პრიორიტეტები კი შეიძლება შეიცვალოს“.

ამასობაში პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე ბარიერს აშენებს, რათა იქიდან მოზღვავებული აფრიკელი, ახლო აღმოსავლეთის და მომავალში შესაძლოა, ავღანელი დევნილებიც შეაკავოს. პოლონეთი მათ ეკონომიკურ მიგრანტებს უწოდებს და ბელარუსს გამიზნულ საბოტაჟში ადანაშაულებს. უფლებადამცველები ვარშავას ბრალს ჟენევის კონვენციის დარღვევაში სდებენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img