პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NCDC-ის სტატისტიკის, ოფიციალური მონაცემების საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის შტამის, “ომიკრონის” შემთხვევაში “ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს”. ეს განცხადება პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და მეტი დამაჯერებლობისთვის მაგალითად, საკუთარი თავი მოიყვანა, რადგან აცრის მიუხედავად, მაინც დაინფიცირდა.
“ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გავრცელების დღიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე აცრა გაიკეთონ, რადგან “ბუსტერ” დოზას აქვს სწორედ, “ომიკრონის” შემთხვევაში მაღალი დაცვა. “ბუსტერ” დოზა უნდა გაკეთდეს მეორე აცრიდან სამი თვის თავზე. საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი “ბუსტერ” დოზით აცრილი არ არის, მან მეორე აცრა გასული წლის სექტემბერში გაიკეთა. შესაბამისად, საკუთარი მაგალითის მოყვანა პრემიერის მხრიდან, არცთუ ისე გამართლებულია.
რაც შეეხება “ომიკრონით” ინფიცირებისგან დაცვას სრული ვაქცინაციის პირობებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით ეს 86,9 %-ია.
“ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 90.6 %, 94.1% დაცვა ინტენსიურში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე – 94,3%. “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემთხვევაში, ეს დაცვა იზრდება 99%-მდე“, – აცხადებს გამყრელიძე.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ “ომიკრონის” ტალღის შესამცირებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.
რატომ გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტივაქსერული და NCDC-ის სტატისტიკის საწინააღმდეგო განცხადება? – ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, პრემიერს და მთავრობას აწუხებს ოფიციალური კოვიდ-სტატისტიკა, რომელსაც მთავრობა ვერაფერს უხერხებს მანამ, სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს. ყოფილი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს სურს გამყრელიძის შეცვლა და შემდეგ მისთვის “სასურველი” სტატისტიკის გამოქვეყნება.
“რატომ თქვა ღარიბაშვილმა ანტივაქსერული სისულელე?
ანტივაქსერული, შავრაზმული, პრორუსული ძალებისთვის “კოჭის გაგორებით” ამის ახსნა ძალიან ზედაპირული იქნებოდა. ღარიბაშვილს და მთავრობას აწუხებს ოფიციალური კოვიდ-სტატისტიკა, რომელსაც ვერაფერს უხერხებს მანამ, სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს. ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს (ჯანდაცვის მინისტრის ხელით) და მერე გამოაქვეყნოს ის “სტატისტიკა”, რაც მოესურვება.თქვენ შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მაგრამ არ უნდა აყვეთ ღარიბაშვილს, რომ ამას მიაღწიოს. ბატონ ამირანსაც, იმედი მაქვს, ნერვები ეყოფა.” – ამბობს ჭიაბერაშვილი.