„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მიაღწიეს იმას, რომ საარჩევნო პროცედურაში მაქსიმალურად დაინერგა ტექნოლოგიები.
ვაშაძის განცხადებით, ამდენი ცვლილებისთვის საქართველოს ისტორიაში ჯერ არავის მიუღწევია.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველა სხვა პროცედურულ ცვლილებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები არჩევნების დროს. საბოლოო ჯამში ჩვენ ადამიანური ფაქტორი უნდა ამოვაგდოთ საარჩევნო პროცედურიდან და მაქსიმალურად იქნება დანერგილი ტექნოლოგიები, რომელიც დაზღვეული იქნება უსაფრთხოების კუთხით. პირველი არის სახის ამომცნობი სისტემა, რომელიც წამში ახდენს თითოეული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას. შეუძლებელია, არასწორი ადამიანი შევიდეს უბანზე ან გააყალბოს მონაცემები. ბაზაში ინახება იმის ფოტოები, ვინც შევიდა კონკრეტულ უბანზე. მეორე – ეს არის ახალი თაობის ბიულეტენები, რომელიც განსხვავებულია ვიზუალურადაც და საერთო სისტემაში ბარკოდებით აღირიცხება, რომ ბიულეტენი აღარავინ გაიტანოს უბნის გარეთ. მესამე არის ხმის დათვლის პროცესი. ვიდრე დათვლა დაიწყება, დასკანირდება ყველა ბიულეტენი, ანუ ონლაინში ყველა შევხედავთ ბიულეტენებს. შეგვიძლია, ოფისში დავსხდეთ და დავთვალოთ ხმები. იქნება კამერა, რომელიც გადაიღებს სათითაოდ ყველა ბიულეტენს.
პირდაპირ გეტყვით, დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ამდენი ცვლილებისთვის არავის მიუღწევია. ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მივაღწიეთ ამას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება. გარდა ამისა, მე მქონდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი, რომ თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, ვთხოვეთ, ფინანსურად დაგვეხმარონ და ის ძვირადღირებული სკანერები გადმოგვცენ საჩუქრად“, – განაცხადა ვაშაძემ ცესკოში მიმდინარე იმიტირებული არჩევნების შეფასებისას ჟურნალისტებთან.