„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის საქმიანობის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა. ვაშაძის თქმით, მინისტრები და მათი მოადგილეები თვლიან,რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში.
ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ პარლამენტის მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულება ნულოვანია, ხოლო რეგლამენტი ისეა აწყობილი, რომ ოპოზიციას რაც შეიძლება ნაკლები უფლება ჰქონდეს, მთავრობას ანგარიშვალდებულება მოსთხოვოს.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარია პარლამენტი და არა მთავრობა. პარლამენტია მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას მათრახი უნდა გადასცხოს და რომ იმუშაოს, ერთ ადგილას წკეპლა უნდა მოსცხოს. საქართველოში პარლამენტი არის უფუნქციო. მთავრობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომებზე ისე უპასუხისმგებლოდ, მოუმზადებლები მოდიან, მათსავე ანგარიშში წარმოდგენილ სტატისტიკურ ციფრებს არ გვეუბნებიან. მაგალითად, განათლების და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს არა აქვთ მარტივი სტატისტიკა: რამდენი სკოლა გარემონტდა და რამდენია გასარემონტებელი, როცა პარლამენტში სასკოლო დაწესებულებების რემონტის ანგარიშით მოდის. ეს ფორმალობა, რაც აქამდე პარლამენტში იყო, უნდა დავასრულოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო.