5 ივლისს თბილისში გამართული “პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ის პასუხისმგებლობას არ იღებს.
ფალავანდიშვილმა ჯერ კიდევ 5 ივლისს თქვა, რომ შეიძლება, იყოს მსხვერპლი, დღეს კი ეს განცხადება საზოგადოებას შეახსენა.
“თავიდანვე ვიძახოდი, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი, თუ ისინი [თბილისი პრაიდი] მოისურვებდნენ გარეთ გამოსვლას”, – ამბობს ის “პრაიმტაიმთან“.
მისივე მტკიცებით, არავითარი შეხება არ აქვს იმ ადამიანებთან, ვინც 5 ივლისს მედიაზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობდა. ის ამბობს, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.