ინდოეთმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ექსპორტი შეაჩერა, ინფორმაციას BBC ავრცელებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის საგრძნობი მომატებაა, რის გამოც ინდოეთი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას გეგმავს, ეს კი ვაქცინაზე მოთხოვნის გაზრდას გამოიწვევს.
გასული დღის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 47 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 275 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 1 აპრილიდან 45 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაციის დაწყება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდება. ინდოეთის მიერ ვაქცინის მიწოდება, შესაძლოა, აპრილის ბოლომდე შეფერხდეს.
BBC-ი წერს, რომ ვაქცინის ექსპორტის შეჩერებით ის 190 ქვეყანაც დაზარალდება, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „კოვაქსის“ სქემის ფარგლებში ღებულობენ.
რამდენიმე დღის წინ ვაქცინების უმსხვილესმა მწარმოებელმა „ინდოეთის სერუმის ინსტიტუტმა“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაგზავნა გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და მაროკოში ოთხი კვირით შეაჩერა.