დღეს, „ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძეა.
ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა. აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს აპროტესტებენ და მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან.
ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს დილიდან ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანიც დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„რაგბის პრეზიდენტი ასეთი ბინძური ხელებით არ უნდა მოდიოდეს. რაგბი მონობაში არ ყოფილა. ამ ადამიანებს ღირსება გააჩნია და ამ ღირსებას ულახავ, ამის უფლებას არ მივცემ,“ – ამის შესახებ დღეს ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გამართვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რაც დღეს რაგბის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის სამარცხვინო და ამ უსამართლობას არ შეეგუება.
„მოლოდინის რა გითხრათ, გარემო, რაც არის, ეს არის სამარცხვინო. ყველაზე სამარცხვინო არის ის, რომ 16-17 წლის ბავშვები ჰყავთ მოყვანილი, რაც მიუღებელია. რაიმე რომ მოხდეს, რას ეუბნებით მათ მშობლებს. მე მყავს გულშემატკივრები, რომლებსაც წუხილი აქვთ, რომ რაგბის პრეზიდენტი ასე, ასეთი ბინძური ხელებით არ უნდა მოდიოდეს. როგორც არ უნდა მოვიდეს, ვერ გააგრძელებს, ამის პირობას ვაძლევ, რაგბი მონობაში არ ყოფილა. ამ ადამიანებს ღირსება გააჩნია და ამ ღირსებას ულახავ, ამის უფლებას არ მივცემ. ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით“, – განაცხადა აბუსერიძემ.
შეგახსენებთ, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.
2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ
2021 წლის 10 მარტს, ჩანიშნულიყო „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით.
თუმცა, საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა.