„არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს. არავითარი შეჭრა ტვ პირველში არ იგეგმება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს არის აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა “იმედის“ დარბევა და შეჭრა „იმედში“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.