ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.
„თუ არ მეშლება, პირველად ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მაისში განვიხილეთ. ამ მიმართულებით წავიდა ძალიან ბევრი ქვეყანა და სწორედ ეს ორივე მექანიზმი წახალისებისა და არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვის მექანიზმი იყო გამოყენებული როგორც ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანაში, ისე ამერიკაში. ეს შეიძლება ყოფილიყო მატერიალური წახალისება და ბევრი ამ გზით წავიდა. ეს შესაძლებელია ყოფილიყო სასურსათო ვაუჩერი და ა.შ. ეს ქმედითი მექანიზმია და ამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ზოგიერთ ადამიანს სტიმული სჭირდება და ეს დამატებითი სტიმულია, ზოგიერთ ადამიანს სჭირდება იძულება, სამწუხაროდ, ასეა. ჩვენ ახლა მართლაც ომში ვართ, აქ უკვე საუბარი იმაზე, რომ ნახევარი გადაწყვეტილება მივიღოთ, არც ამის დროა და პერსპექტივაში არც დროის გაწელვა შეგვიძლია. ის მაჩვენებლები, რაც ბოლო დღეებში ფიქსირდება, მიუთითებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მაქსიმალურად შესაძლო, რადიკალური გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.