ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა “ემ ქეი დის” უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რა პრობლემები შეექმნა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან დავის პარალელურად.
ყიფიანის თქმით, “კრედიტ სუისთან” დავას ბოლო პერიოდში “რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”. საგულისხმოა, რომ ადვოკატის თქმით, არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.
ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.
ადვოკატის განცხადება:
“საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ როგორც ადვოკატი და იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ უფროსი პარტნიორი კოორდინაციას ვუწევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ რამდენიმე იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო პროცესს. ამ დავის შესახებ ქართულ მედიაში უცხოეთში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია უკვე დაიბეჭდა და დამატებითი დეტალებით მკითხველს თავს არ შევაწყენ. ამჯერად, საკითხის ირგვლივ რამდენიმე ბოლოდროინდელი შეფასების საპასუხოდ მინდა მოკლეზე რამდენიმე გარემოებაზე მივანიშნო.
ჩვენ დღემდე ვერიდებოდით „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს – ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი – შესაძლოა არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოყოლოდა. ამჯერად, ჩვენი მხრიდან კომენტარის სურვილი და აუცილებლობაც „მთავარი არხის“ მხრიდან საზოგადოებისათვის დამახინჯებული შინაარსის ინფორმაციის მიწოდებამ განაპირობა. ასეთმა არაობიექტურობამ და ფაქტების სათავისოდ გაშუქებამ სწორედ რომ იმ შესაძლოდ ვრცელ ინტერპრეტაციას დაუდო საფუძველი, რაზეც უკვე აღვნიშნეთ. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით რამდენიმე აუცილებელი განმარტება.
ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ არავითარ კავშირშია.
კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.
ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.
ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით. სწორედ სამართლისა და კანონმდებლობის მოქმედება იყო ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება დღემდე, ასეთად დარჩება ეს დამოკიდებულება მომავალშიც. ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუკი აქ წამოჭრილი ესა თუ ის საკითხი დამატებით, სამართლის ნორმების მიღმა შეფასებას და კომენტარს მოითხოვს, ამას ბატონი ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით. მანამდე კი, მოწოდება იქნება, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავრჩეთ და მათ არ გავცდეთ.
ზემოთქმულთან ერთად, მსურს ასევე ჩემი პირადი პოზიცია გადმოვცე. კარგად მესმის ის ემოციური ფონი, რაც ბატონი ივანიშვილის მონაწილეობით ასეთი მასშტაბის საქმეების წარმოებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით მოვუწოდებდი საზოგადოებას ემოციებით შეფასებებისგან თავშეკავებისაკენ, რამეთუ ემოციებით მსჯელობას სარგებელი არასდროს მოუტანია. სანაცვლოდ კი, მხოლოდ დასაბუთებული ფაქტებით, გაწონასწორებული ინფორმაციისა და სამართლის გამოყენებით მსჯელობა არის ფართო საჯარო ინტერესის ნებისმიერ საკითხზე განსჯის ერთადერთი სწორი საშუალება.
პრიორიტეტებზე საუბრისას, ორიოდე სიტყვით შემდეგს აღვნიშნავ: ჩვენი ქვეყანა მეტად რთულ დროში, ასევე მეტად რთული გეოპოლიტიკური პროცესების გზაჯვარედინზე მოექცა. სახეზეა არაერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის. ყოველივე ამაზე მეც ხშირად მიწევს საჯარო საუბარი, ამჯერად უკვე განსხვავებულ ამპლუაში. პირადი შეფასებაა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური კეთდება, რათა ქვეყანას შეექმნას უსაფრთხო და სტაბილური განვითარების გარემო, დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები. ამასთანავე, ბატონი ივანიშვილის მიმართ ნებისმიერი კითხვა თუ როგორია მისი პირადი პოზიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეს პოზიცია სწორედ რომ საქართველოს განვითარებისა და მისი საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. ბატონ ივანიშვილთან ჩემი საადვოკატო საქმიანობის შედეგად მუდმივი კომუნიკაცია სრულ საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ მის პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა”.