თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიტანეთის ავიაბაზაზე ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს გააგებინებს, რომ ამერიკა დაბრუნდა.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მოსკოვთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა რუსეთის მავნე ქმედებებს პასუხს გასცემს.
„რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ. სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს. ჩვენს ქვეყნებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე. თუმცა მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ მტკიცედ და მნიშვნელოვნად ვუპასუხებთ რუსეთის მთავრობის მავნე საქმიანობაში ჩართულობას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-სა და ევროპაში სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შელახვას შედეგები მოჰყვება.
„ტრანსატლანტიკური კავშირი დიდი ბრიტანეთისთვის, ევროპასა და ამერიკისთვის ძალის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. აშშ დაიცავს ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს.
ეს საზღვარგარეთ ჩემი პირველი ტურნეა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. მონაწილეობას მივიღებ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში, ნატოს მინისტერიალში და შემდეგ შევხვდები ბატონ პუტინს იმისთვის, რომ ვაცნობო მას ის, რაც მსურს, რომ იცოდეს,“- განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, საიდანაც მისი ევროპული ტურნე იწყება.