დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები. ხვალ მე და ჩემი გუნდის წევრები წარვდგებით თბილისის საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ სრული მასშტაბით შევუდგებით საქმის კეთებას, წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას. გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შემდეგაც თბილისის ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება.
ჩვენი მთავარი დაპირება და საარჩევნო სლოგანი იყო „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. შესაბამისად, გამგებლების როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. გამგებლებს, რომლებსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას, თბილისელების და პირადად ჩემი, როგორც თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის წინაშე აკისრიათ დიდი პასუხისმგებლობა. საბურთალო – გაიოზ ვასაძე;
მთაწმინდა – დავით კირკიტაძე;
კრწანისი – ბექა მიქაუტაძე;
ვაკე – დავით კვინიკაძე;
გლდანი- ლევან ნაროუშვილი;
სამგორი – კახა სამხარაძე;
ჩუღურეთში წარმოგიდგენთ დავით უთმელიძეს, რომელიც საკრებულოში წარმოადგენდა ჩვენს გუნდს, გახლდათ საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და ამ გამოცდილებით უერთდება თბილისის მთავრობას და ჩუღურეთის რაიონს.
დიდუბეში ახალი გამგებელი იქნება ასევე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც ძალიან დიდი ხანია, ამ რაიონს ემსახურება, კარგად იცნობს რაიონისა და აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს.
ისანში წარმოგიდგენთ ნიკოლოზ ელისაშვილს, რომელიც დიდი ხანია გამგეობაში მუშაობს და ზედმიწევნით კარგად იცის, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ისანი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ამ რაიონში მეტი სიცოცხლე შევიდეს.
ნაძალადევში ახალი გამგებელი იქნება ირაკლი ანდღულაძე, რომელიც გამგებლის მოადგილის პოზიციაზე ემსახურებოდა ამ რაიონს და ახლა უკვე გამგებლის პოზიციიდან მოახმარს საკუთარ გამოცდილებას ნაძალადევის რაიონის განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იქნება წარმატებული, დარწმუნებული ვარ ჩემთან ერთად ყველაფერს გააკეთებთ, თბილისისა და თბილისელების ინტერესების მსახურებისთვის, რათა ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა უბანში მართლაც შევიტანოთ მეტი სიცოცხლე “, – განაცხადა კალაძემ.