ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანია მშვიდობიანი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ გამოწვევები და შევძლოთ შეუქცევადი განვითარება. სწორედ ამას ელოდება ჩვენგან ხალხი. სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მის შენარჩუნებას დღესაც არანაკლები შრომა და თავდადება სჭირდება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო.
გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ეს გვავალდებულებს ყველას, მთელ საზოგადოებას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, ერთობლივი ძალისხმევით ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც გვაერთიანებს – ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.