12.06.2021
- Advertisement -

კარტოგრაფების საქმის 27 საინტერესო დეტალი – გიორგი მშვენიერაძის პოსტი

“მოდი, კიდევ ერთხელ გავყვეთ კარტოგრაფების საქმის დეტალებს და რაც მეტი წაიკითხავს ამ ვრცელ პოსტს, მით უკეთესი. ასევე, ვეცდები, ყველა კითხვას ვუპასუხო და სათანადო დოკუმენტებიც გაგიზიაროთ:

1. 1995 წელს საქართველომ დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის მოსამზადებლად. დასტურდება საქმეში არსებული 1994 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, 1995 წლის 20 თებერვლის, 16 მარტის, შეხვედრის ოქმებით;

2. 1995 წელსვე, ამ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცევა და თუ აზერბაიჯანი არ დაგვითმობს, მოცვლა უნდა შევთავაზოთ;

3. მსჯელობენ და ასკვნიან, რომ ჩვენი საწყისი პოზიცია უნდა დაიწყოს 1938 წლის ხაზით საზღვრის შეთანხმების მოთხოვნით. ეს მდგომარეობა ყველაზე მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა ეს საზღვარი დადგენილიყო 1945 წლის ან 1991 წლის მდგომარეობით. ორივე მოცემულობა ჩვენთვის უფრო ცუდია, ვიდრე 1938 წლის ხაზი;

4. საქართველოს იმ დროისთვის არ აქვს 1938 წლის რუკის ხელმოწერილი ვარიანტი, თუმცა აქვს ამ რუკიდან გაკეთებული 3 ამონახაზი. მათ შორის ერთი შესრულებულია 1942 წელს. თუმცა ამონახაზზე საზღვრის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ზუსტად შეუძლებელია;

5. ქართულმა მხარემ მოიპოვა 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, რომელზეც დატანილია 1938 წლის ხაზი და გამოცემულია 1942-43 წლებში. ეს ხაზი ემთხვევა ამონახაზში არსებულ საზღვრის ხაზის მოყვანილობას. ამ რუკებთან დაკავშირებით იხ. პუნქტი 9;

6. აზერბაიჯანმა 1996 წლის ივნისში, თბილისში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეების დონეზე, ხელი მოაწერა საზღვრის ხაზის 1938 წლის ხაზით შეთანხმებას, რომელიც დატანილია 1:500 000-იან რუკაზე; ამავე ოქმით განისაზღვა, რომ დელიმიტაცია განხორციელდებოდა 1:50 000 მასშტაბის რუკებზე, ხოლო საზღვრები გაივლებოდა ქედებზე, მდინარეებზე და ა.შ. (1996 წლის 13 ივნისის ოქმი)

7. საქართველომ 1996 წლის სექტემბერში აზერბაიჯანს გადასცა ე.წ. ყავისფერი ალბომი, რომელშიც 1:50 000 მასშტაბით ასახული იყო საქართველოს საწყისი პოზიცია (მაქსიმუმი), რასაც მოელოდა დელიმიტაციის პროცესისგან.

8. აზერბაიჯანმა, მალევე აღმოაჩინა, რომ ეს, 1938 წლის ხაზი, მისთვის წამგებიანი პოზიცია იყო და 1996 წლის დეკემბერში მოითხოვა საზღვრის გავლება 1938 წლის ხაზით, ოღონდ მასზე 1945 წელს დატანილი შესწორებებით. ქართულმა მხარემ ეს შესაძლებლობა უარყო; (1996 წლის 5 დეკემბრის შეხვედრის ოქმი)

9. 1945 წლის 11-17 მაისს თათბირის შედეგად 1:100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე, რომლებზეც დატანილი იყო 1938 წლის 1:500 000 რუკებით დადგენილი საზღვრის ხაზი, შევიდა ცვლილებები, რომლითაც აზერბაიჯანს გადაეცა დაახლოებით 5000 ჰა მიწა, თუმცა ეს ცვლილება არ შეხებია გარეჯის „სადავო“ მონაკვეთს. ამავდროულად, ხსენებული 1:100 000 მასშტაბის რუკები, იმ პერიოდის ყველაზე მსხვიმასშტაბიანი და ხარისხიანი კარტოგრაფიული მასალებია.(1945 წლის 11-17 მაისის თათბირის ოქმი);

10. 1942-43 წლის 1:100 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი 1938 წლის საზღვრის ხაზით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი გადის ზედ ქედზე და ჩიჩხიტურის კოშკზე, ანუ ისე, როგორც მოგვიანებით გამოცემულ რუკებზე;

11. საქართველომ და აზერბაიჯანმა დაიწყო საზღვრის იმ მონაკვეთების შეთანხმება, სადაც 1938 წლის და 1945 წლის ხაზები შეესაბამებოდა ერთმანეთს და მხარეები თანახმანი იყვნენ საზღვრის ასე შეთანხმებაზე;

12. საქართველომ 1996-97 წლებში შეათანხმა საზღვრის ნახევარზე ოდნავ მეტი.

13. ქართულმა მხარემ მოითხოვა ტერიტორიის მოცვლის პრინციპით დავით გარეჯის კომპლექსის ერთიანობის შენარჩუნება და საქართველოს საზღვრებში მოქცევა. ქართული მხარის პოზიცია ემყარებოდა ისტორიულ-კულტურულ და რელიგიურ არგუმენტებს. აზერბაიჯანის მხარემ ეს შეთავაზება იმ ეტაპზე არ განიხილა;

14. ამ პერიოდში ნატალია ილიჩოვა კომისიის წევრი არ არის და მის საქმიანობაში არ მონაწილეობს;

15. 2000 წელს, ნატალია ილიჩოვამ, რომელიც უკვე ჩართულია კომისიის საქმიანობაში, მოიპოვა 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც შედგენილი არის 1932-34 წლებში და გამოცემულია 1937-38 წლებში მიუფლინგის პროექციით. ეს რუკები დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკების იდენტურია; ამავდროულად, ამ დროისთვის უკვე შეთანხმებულია საზღვრის ნახევარზე მეტი და აზერბაიჯანს გადაცემული აქვს ჩვენი პოზიცია მთელ საზღვართან დაკავშირებით;

16. ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, ახლადაღმოჩენილ რუკებზე შეამჩნიეს რა გარეჯთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო პოზიცია, დაიწყეს მისი კარტოგრაფიული გამოსადეგობისა და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება; რუკების გადამოწმებამ აჩვენა, რომ მას სერიოზული ხარვეზები აქვს. მაგალითად, ამ რუკების შესაბამისად, წითელი ხიდი აზერბაიჯანის მხარესაა, ხოლო ჰიდროქსელი (მდინარეები) აცდენილია რეალობას. ერთმანეთს არ ემთხვევა ტრიანგულაციური პუნქტები (უცვლელი პუნქტებია), მთები, ხევები და მათ შორის საზღვრებიც.

17. 1:200 000 რუკის ის მონაკვეთი, რომელიც შეეხება გარეჯის მონაკვეთს, დაბეჭდლია 1937 წელს, ანუ, 1938 წლის საზღვრის შეთანხმებამდე. შესაბამისად, მასზე დატანილი საზღვრის ხაზი უნდა შეესაბამებოდეს 1938 წლამდე არსებულ და სამართლებრივად შეთანხმებულ საზღვარს, რაც 1929 წლის ოქმითაა დადგენილი, თუმცა ის მას არ შეესაბამება. 1929 წლის თებერვლის ოქმით, საზღვრის ხაზი გადის უდაბნოს ტრიგონომეტრიულ პუნქტზე, მიუყვება ქედის თხემს და გადის ზედ ჩიჩხიტურის კოშკზე. რუკაზე კი ხაზი დაწეულია სამხრეთით. აქვე აღსანიშნავია, რომ 1929 წლის შემდეგ ამ ქედზე საზღვრის ხაზი რომელიმე სამართლებრივი დოკუმენტით არ შეცვლილა;

18. დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი ზაქათალას ოლქთან და ყარაიასთან ერთად აზერბაიჯანის მხარეს 1922 წელს საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ გადასცა; 1923 წლეს მასვე გადასცა ელდარის საძოვრები. 1929 წელს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ შეეხო ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს;

19. ამავდროულად, 1937 წლის 1:200 000-იანი რუკის გამოყენება საქართველოსთვის ქმნიდა საფრთხეს, რომ აზერბაიჯანი გავიდოდა 1938 წლის ხაზით საზღვრის დადგენის შეთანხმებიდან, რომლიდანაც გასვლას ისედაც ცდილობს და შეიქმნიდა მისთვის უკეთეს სიტუაციას, ხოლო საქართველო დაკარგავდა იმ მონაპოვარს, რომელიც 1996 წლის ივნისის შეთანხმებით მოიპოვა – შეთანხმდეს საზღვარი 1938 წლის ხაზით;

20. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, 1:200 000 რუკების გამოყენებაზე უარი ითქვა და მათ ნატალია ილიჩოვა ინახავდა მანამ, სანამ კომისიის წევრი იყო და როცა წევრობა შეუწყდა, გადასცა ახალ წევრს – ქალბატონ ირმა გაბუნიას;

21. 2005 წელს, ჩიჩხიტურის კოშკის რესტავრაცია დაიწყო ქართულმა მხარემ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის დარღვევის არგუმენტით დააკავეს 2 რესტავრატორი და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად, 3 დღის შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებულები; ქართულმა მხარემ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა აზერბაიჯანის მხარეს;

22. 2005 წელს პრეზიდენტ ალიევს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნა, დავით გარეჯთან დაკავშირებით. (2005 წლის 22-23 დეკემბრის შეხვედრების ოქმი);

23. პრეზიდენტმა ალიევმა თქვა, რომ ის ადგილზე იყო, გაეცნო სიტუაციას და იქ არსებული სიმაღლეები აზერბაიჯანისთვის სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და ვერ დათმობენ;

24. ქართულმა მხარემ ამის შემდეგ აზერბაიჯანს 2007 წლამდე 2 ვარიანტი შესთავაზა გარეჯთან დაკავშირებით: 1. ტერიტორიის მოცვლა; 2. მნიშვნელოვანი სამხედრო სიმაღლეების დათმობა დავით გარეჯის სადაო მონაკვეთის დათმობის სანაცვლოდ; 2007 წლეს აზერბაიჯანის მხარემ უკვე სხვა არგუმენტებით (ხალხი და მედია გაგვიბრაზდება) უარყო დათმობაზე წასვლის შესაძლებლობა (2007 წლის 27 აგვისტოს ოქმი); ამავდროულად, 2006-07 წლებში შეათანხმა საზღვრის დამატებით დაახლოებით15 %.

25. პრეზიდენტი სააკაშვილი 3-ჯერ შეხვდა პრეზიდენტ ალიევს (თბილისში, 2007 წლის 12 მაისს, ბაქოში 2007 წლის 18-19 ივნისი და 2009 წლის 20 მაისს) სადაც მიიღწა შეთანხმება გარეჯის თემის დათმობაზე, რაც ასევე დადასტურდა 2008 წლის 22-23 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ბაქოში ვიზიტისას, თუმცა აზერბაიჯანის კომისია მაინც თავს არიდებდა პროცესის წარმართვას და ამბობდა, რომ შესაბამისი დავალება მიღებული არ აქვთ;

26. ამის შემდეგ ამ მონაკვეთზე რაიმე პროგრესი აღარ მიღწეულა. საზღვარი შეთანხმებულია ჩიჩხიტურამდე 100 მეტრით ჩრდილო-დასავლეთით და უდაბნოს ტრიანგულაციური პუნქტიდან სამხრეთ-აღოსავლეთით; შესაბამისად, საზღვარი შეუთანხმებელია ჩიჩხიტურზე, უდაბნოს მონასტერზე;

27. და შეიძლება კიდევ იყოს ბევრი პატარა დეტალი, რომელსაც აქ ვერ ჩამოვწერ, მაგრამ ეს არის ის, რაც გარეჯის ამბავზე ხდება, ხოლო ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალი არ აქვთ წარდგენილი ჩიჩხიტურზე ან უდაბნოს მონასტერზე საზღვრის შეთანხმების გამო, რადგან საზღავრი შეთანხმებული არაა.

P.S. ბრალი რაზეც აქვთ წაყენებული ნატალიას და ივერის, იმ ნაწილებზე ასევე, ცალ-ცალკე მოგვიწევს ამბის მოყოლა. სულ 13 მონაკვეთია და მოემზადეთ.”

წერს პროფესიით იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – ს ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -