აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს.
„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის, ეს არის ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, ეს არ არის მედიის წინაშე განსახილველი საკითხი, ის მთავრობებს შორის კომუნიკაციით უნდა იქნეს გამოძიებული და ერთადერთი, ვინ ამგვარი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს, რუსეთია.
კელი დეგნანის თქმით, რუსეთის მიმართ სანქციების ერთობლივი ძალისხმევით დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია და ამ ერთიანობაშია სანქციების ძალა. ელჩი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ახლოდან აკვირდება, რომ სანქციების პირობები იყოს დაცული, რათა შეინარჩუნოს რუსეთზე ზეწოლის ეფექტი.