04.12.2021
- Advertisement -spot_img

ხუთი ჟურნალისტი, ვინც წყაროს გაუთქმელობისთვის დააპატიმრეს

მოამზადა mediachecker.ge

წყაროებთან მუშაობა რეპორტიორების საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილია. ჟურნალისტიკის ისტორიაში არის შემთხვევები, როცა კონფიდენციალური წყაროების მეშვეობით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექმნეს. ასეთია, მაგალითად, უოტერგეიტის საქმე.

თუმცა, არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს სახელმწიფო უწყებები მათი წყაროების ვინაობის გამხელას სთხოვენ, უარის შემთხვევაში კი სასჯელით ემუქრებიან. ეს ხდება ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც პრესის თავისუფლება დიდ მონაპოვარად ითვლება. აშშ-ში პრესის თავისუფლებას კონსტიტუციის პირველი შესწორება ანუ ე.წ. „უფლებათა ბილი“ იცავს, მაგრამ ზოგიერთ შტატში მოქმედი კანონმდებლობის გამო, წყაროების გაუთქმელობისთვის ჟურნალისტები მაინც დაუკავებიათ.

„მედიაჩეკერი“ გაგაცნობთ ხუთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც წყაროების გაუთქმელობისთვის ან საკუთარი მასალების გამოძიებისთვის გადაცემაზე უარის თქმის გამო სასჯელი დაეკისრა.

ჯო ჰოუსი

Patch.com-ის ჟურნალისტი ჯო ჰოუსი 2013 წელს ილინოისის შტატის მოსამართლემ ჯერალდ კინიმ წყაროების გაუთქმელობის გამო 1000 დოლარით დააჯარიმა. პლუს ყოველდღე, სამი თვის განმავლობაში, ვიდრე წყაროებს არ გათქვამდა, რეპორტიორს 300 დოლარის გადახდა მოუწევდა, სამი თვის შემდეგ კი პატიმრობა.

საბოლოოდ, ჟურნალისტი ილინოისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. დღეს ჯო ჰოუსი Herald-News-ის რედაქტორია, 2015 წელს კი ილინოისის შტატის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეს.

ჰოუსიმ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ილინოისის შტატში ორი ადამიანის მკვლელობის დეტალები გამოაქვეყნა. მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმის ამ დეტალებს შეიძლება ნაფიც მსაჯულებზე ზეგავლენა მოეხდინა და მოსამართლეს ჰოუსისთვის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.

ჰოუსის დასჯამდე მოკვლევა შტატის პოლიციაში დაიწყო, თუმცა 500-მდე პირმა უარყო ჟურნალისტთან კავშირი. ამის შემდეგ მოსამართლემ რეპორტიორს მოსთხოვა, სასამართლოსთვის გადაეცა მკვლელობის შესახებ ყველა დოკუმენტი რაც ხელთ ჰქონდა და დაესახელებინა წყარო, რაზეც ჰოუსიმ უარი განაცხადა და დასჯა ამჯობინა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჰოუსის ჰქონდა უფლება არ გაემჟღავნებინა საკუთარი წყაროები და მოსამართლე ჯერალდ კინის განაჩენი გააუქმა.

ჯოშუა ვოლფი

ფრილანსერი ვიდეობლოგერი და რეპორტიორი ჯოშუა ვოლფი 226 დღეს იხდიდა სასჯელს იმის გამო, რომ სამართალდამცველებს არ გადასცა მასალები, რომლებშიც შესაძლო კანონდარღვევა ჩანდა.

ჯოშუა ვოლფი 2005 წელს სან ფრანცისკოში „დიდი რვიანის“ საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა. პოლიციის განცხადებით მის კადრებში ჩანდა სხვისი საკუთრების შესაძლო ხელყოფა.

დემონსტრანტებმა, პოლიციის განცხადებით, ალმოდებული ბოთლებით დააზიანეს პატრულის მანქანაც, რაც ვოლფს არ გადაუღია, თუმცა მის კადრებში შეიძლებოდა ამ პირთა ამოცნობა, ამიტომ რეპორტიორს კადრების პოლიციისთვის გადაცემა მოსთხოვეს.

ჯოშუა ვოლფმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რისთვისაც 2006-2007 წლებში რამდენიმე თვის ციხეში გატარება მოუწია.

ჯუდით მილერი

New York Times-ის კორესპონდენტს ჯუდით მილერს 2005 წელს ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია წყაროს გაუთქმელობისთვის. მილერმა ორ ჟურნალისტთან ერთად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი აგენტის ვალერია პლეიმის შესახებ შეიტყო. ინფორმაცია მას მთავრობიდან მიაწოდეს.

პლეიმი აშშ-ის ერთ-ერთი დიპლომატის ჯოსეფ უილსონის ცოლი იყო, უილსონი კი ჰუსეინისადმი თეთრი სახლის ბრალდებებს იკვლევდა, თითქოსდა ერაყის ლიდერმა აფრიკიდან თავის ქვეყანაში ურანი შეიტანა.

სწორედ ამ გამოძიების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მისი ცოლის საქმიანობის შესახებ. რამაც უილსონის კრიტიკა და ფაქტობრივად, მისი გამოძიების ჩაშლა გამოიწვია. მილერმა სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით სასამართლოს არ გაუმხილა კონფიდენციალური წყაროს ვინაობა. რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუშალა გამოძიებას და შეაფერხა იმ ადამიანის მოძებნა, რომელსაც აგენტის ვინაობის გამხელის უფლება არ ჰქონდა.

მილერს 85-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა წყარომ, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის თანაშემწე ლევის სკუტერ ლიბი აღმოჩნდა, უარი თქვა კონფიდენციალურობაზე.

ჯიმ ტარიკანი

NBC-თან აფილირებული გამოცემის WJAR-ის გამომძიებელ ჟურნალისტს ჯიმ ტარიკანის 2004 წელს 6-თვიანი შინაპატიმრობა წყაროს გაუთქმელობისთვის მიუსაჯეს.

ტარიკანიმ გამოაქვეყნა FBI-ის ვიდეო, რომელშიც ჩანდა როგორ იღებდა ქრთამს როდ აილენდის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. FBI-ის გამოძიების საქმის მასალების გასაჯაროებისთვის ჟურნალისტს მოსთხოვეს, რომ დაესახელებინა მისი წყარო, ჯიმ ტარიკანიმ კი წყაროს გამჟღავნება არ ისურვა და სასჯელს დასთანხმდა

ვანესა ლეგეტი

2001 წელს ჟურნალისტმა ვანესა ლეგეტმა 168 დღე გაატარა ციხეში, მას შემდეგ, რაც უარი თქვა, წარედგინა თავისი ჩანაწერები სასამართლოში, რომელიც 1997 წელს ტეხასში მომხდარ მკვლელობას ეხებოდა.

ვანესა ლეგეტი, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტია, 5 წლის განმავლობაში იძიებდა ტეხასში მომხდარ ერთ-ერთ მკვლელობას. ჟურნალისტური გამოძიებისას ლეგეტთან ძმის ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულმა თქვა, რომ ის თავისმა ძმამ დაიქირავა. ამის შემდეგ როჯერ ენგელტონმა თავი მოიკლა.

სასამართლომ ჟურნალისტს მისი ჩანაწერების გამოძიებისთვის გადაცემა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ვანესა ლეგეტს პატიმრობა მიუსაჯა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img