24.04.2024
- Advertisement -spot_img

კოკო შანელი – მე არ მქონდა ფული, რომ მდიდრებივით ჩამეცვა, ამიტომ მათ ჩავაცვი ჩემსავით

FashionHolics Online

არსებობენ დიდებული დიზაინერები, რომელთა ღვაწლი და შემოქმედებითი გენია საკმარისად აღიარებული არ არის, მაგრამ რა უნდა თქვა დიზაინერზე, რომლის შესახებ უამრავი წიგნი, ფილმი, მიუზიკლი, სიმღერა და ლექსიც კი არის შექმნილი. კოკო შანელი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დიზაინერია. მისი სახელი და გვარი სმენია ყველას ვისაც თანამედროვე სამყაროსთან წვდომა აქვს.

კოკოს უყვარდა საკუთარი თავის შესახებ მითების შექმნა და ეს არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ის ერთნაირად იწვევდა ინტერესს მოდის მოყვარულებში და ადამიანებში, რომლებსაც ამ სფეროსთან არანაირი კავშირის ქონა არ სურდათ. შანელის მოდა სცილდებოდა ესთეტიკურ მხარეს, მან ტანსაცმლით ქალების აზროვნება და ცხოვრების სტილი შეცვალა. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება სხვა გენიოს დიზაინერებს და შანელს შორის სწორედ ეს არის. თუმცა სანამ გაბრიელ შანელი სხვა ქალების ცხოვრებას შეცვლიდა, ჯერ საკუთარი – უნდა გარდაექმნა.

კოკოს ადრეულ წლებზე უტყუარი წყაროები არ არსებობს. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრების ნამდვილი სახე პატარა ასაკში დაინახა.

მილიონობით ბავშვი იზრდება მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში. სირთულეები მათ ცხოვრებაზე დიდ დაღს სვამს, მაგრამ როგორც წესი, ისინი, ვინც სირთულეებისგან სწავლობენ, როგორც გაკვეთილებისგან, ისტორიებს ქმნიან. შანელის ისტორიაშიც გადამწყვეტი როლი მისმა მებრძოლმა ხასიათმა და ცხოვრებისეულმა სიბრძნემ ითამაშა, რაც რთული ბავშვობით იყო განპირობებული.

გაბრიელ შანელი 12 წლის ასაკში დაობლდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ ბავშვთა სახლში დატოვა. ობოლი გოგონა მონაზვნებთან ერთად იზრდებოდა იმ იმედით, რომ ერთ დღეს მამა აუცილებლად დაბრუნდებოდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მონაზვნების მოსაწყენი სამოსით შთაგონებული კოკო შავის და თეთრის საკულტო კომბინაციას შექმნიდა, რომელიც დღესაც კი აქტუალურია. შანელი არ გამოირჩეოდა გარეგნობით, არც გვარიშვილობით, თუმცა ყოველთვის ახერხებდა ყურადღების ცენტრში ყოფნას.

მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელი არ ჯდებოდა სილამაზის სტანდარტებში და იმ ეპოქისთვის ზედმეტად ბიჭური იყო საიმისოდ, რომ სექს სიმბოლო გამხდარიყო, კოკოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კაცები მაინც მრავლად იყვნენ. განსხვავებული წარმომავლობის, შეხედულებების და თვითგამოხატულების გამო მდიდრების სოციუმში ხშირად ხდებოდა დაცინვის მსხვერპლი, თუმცა არასდროს უცდია საკუთარი თავის შეცვლა, პირიქით.

„მე არ მქონდა ფული, რომ მდიდრებივით ჩამეცვა, ამიტომ მათ ჩავაცვი ჩემსავით“ – კოკო შანელი.

შანელის კუტიურიეს უნარები და მკერვალობის ნიჭი ახალგაზრდობიდანვე გამოვლინდა, მაგრამ მის ცხოვრებაში არაფერი მოხდებოდა რომ არა დღე, როდესაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების ირწმუნა, მისი მთავარი უპირატესობა ინდივიდუალიზმი იყო. რატომ უნდა მოერგო სტანდარტებს, თუ შეგიძლია, რომ აღემატებოდე?!

თავისი თანატოლი გოგონებისგან თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობაც გამოარჩევდა.  არ ერიდებოდა დახმარების თხოვნას, კარებზე მანამ აკაკუნებდა, სანამ არ გაუღებდნენ და როცა გაუღებდნენ, უკან ცარიელი ხელებით არასდროს გამოდიოდა. მდიდარი ქალბატონების წრით გარშემორტყმული ხვდებოდა, რომ შესაძლოა თვითონ ფული არ ჰქონდა, მაგრამ მათგან განსხვავებით შეეძლო თავისუფალი ყოფილიყო, ცხენზე ეჯირითა, როგორც მამაკაცებს, რადგან უარს ამბობდა წარმოუდგენლად მჭიდრო კორსეტზე, რომელიც ქალების გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო, მოძრაობდა მსუბუქად და კომფორტულად, როგორც მამაკაცები, რადგან თავით უზარმაზარი ქუდის ტარება არ უწევდა. ის თავისუფლად სუნთქავდა სამოსში, რომელიც იმ ეპოქისთვის ზედმეტად უბრალო და მამაკაცური იყო.

მამაკაცის გარდერობის ელემენტების ქალურთან გაერთიანებით შანელმა მიიღო ტანსაცმელი, რომელიც აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ქალისთვის იყო შესაფერისი. ის აკვირდებოდა მდიდარ ქალბატონებს, რომლებიც სილამაზეს და სექსუალურობას ვიწრო კორსეტით და ღრმა დეკოლტით წარმოაჩენდნენ, თუმცა მაინც უჭირდათ ყურადღების მიქცევა. მაშინ კოკომ კიდევ ერთი გაკვეთილი ისწავლა, არ არის საჭირო იყო გადატვირთული და უნაკლო საიმისოდ, რომ იყო დასამახსოვრებელი.  ეს კი მოდაში და ქალების ცხოვრებაში უდიდესი რევოლუციის დასაწყისი გახდა.

„უბრალოება არის ელეგანტურობის მთავარი გასაღები. ხალხი ფიქრობს, რომ ფუფუნება სიღარიბის საპირისპიროა, ასე არ არის, ფუფუნება ვულგარულობის საპირისპიროა.“ – კოკო შანელი.

1957 წელს ჟურნალი თაიმი წერდა, რომ თუ დიორმა შექმნა “New Look,”  კოკო შანელმა გამოიგონა “Poor Look” და ის არის ქალი, რომელმაც თავისი 2 ყველაზე დიდი ნაკლი, სიღარიბე და იმ ეპოქისთვის დაუფასებელი გარეგნული მონაცემები, მილიარდიან იმპერიად გარდაქმნა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img