საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და კანდიდატებზე ისაუბრა.
როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ თბილისის მერი, კახი კალაძე ხელმეორედ დააყენებს კანდიდატურას, ის უალტერნატივო იქნება და აუცილებლად გაიმარჯვებს.
მისივე თქმით, “დედაქალაქს დღეს ღირსეული მერი ჰყავს”.
“გვექნება მსჯელობა და ყველა კანდიდატს გავივლით. პროცესია ჩვეულებრივია. თუ კახი კალაძე კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა ყაველაშვილმა.
დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება და კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო.