21.10.2021
- Advertisement -spot_img

მთავრობა ხუდონჰესის ინვესტორთან კონტრაქტს წყვეტს

მთავრობა ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი არის ის, რომ კომპანიამ უკვე 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლო პროექტის განხორციელება და პირველ ეტაპზე კომპანიისთვის გადაცემული აქტივების სახელმწიფოსთვის დაბრუნება იგეგმება.

“განსაკუთრებული არაფერი ხდება, 2011 წელს იყო დადებული შეთანხმება ინდურ კომპანია Trans Electric-თან ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვხედავთ, რომ 10 წელი გავიდა ამის შემდეგ და ეს პროექტი ვერ განხორციელდა, რა თქმა უნდა, აქ არ არის მაინცდამაინც ერთი კონკრეტული მიზეზი კომპანიის მხარეს, აქ არის ნაკრები სხვადასხვა მიზეზებისა, მათ შორის, პროექტის სირთულე და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 1 წლის წინ, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით ჩვენ მოველაპარაკოთ, შევუთანხმდეთ ინდურ ინვესტორს, რომ მოვშალოთ თანდათან ეს შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის იყო დადებული.

რა თქმა უნდა, აქ რომ იყოს მარტო მათი ბრალეულობა, ჩვენ უბრალოდ ხისტად წავიდოდით ამ კონტრაქტის მოშლაზე, მაგრამ, ვინაიდან ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ორივე მხარეს არის, მათ შორის, ისევ და ისევ ვამბობ, მოსახლეობის თემა, პროექტის სწორი სტრუქტურირება და ა.შ. ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის და იმ აქტივების, რაც გადაცემული იყო ინდუსებისთვის, სახელმწიფოსთვის დაბრუნება”. – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თურნავას თქმით, ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენა, რომ მსგავს პროექტებში სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ჩაერთოს და ჰესის ერთადერთი მფლობელი თუ არა, კომპანიის პარტნიორი მაინც უნდა გახდეს.

“ინვესტორს ინტერესი აღარ აქვს, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში მანაც ეს ვერ განახორციელა, აქ სხვა მიდგომა იქნება საჭირო. პირველ ეტაპზე, ჩვენ კონსულტანტების დახმარებით, ვისთანაც ვახანგრძლივებთ წლის ბოლომდე საკონსულტაციო შეთანხმებას, ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს, შემდეგ კი ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელება. ბოლო დროის მოვლენებმა დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის მეგაპროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს თუ ერთადერთი მფლობელი არა, პარტნიორი მაინც”. – თქვა ნათია თურნავამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

იენს სტოლტენბერგი – საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და უაღრესად ღირებულ პარტნიორად

ბრიუსელში, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img