„ნაციონალური მოძრაობა“ 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, დღეს ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში. ენმს-ს პარლამენტში 32-წევრიანი საპარლამენტო ფრაქცია ექნება, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
პარლამენტში შესვლის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ. ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის საპარლამენტო გეგმებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს.
„დავიწყებთ ჩვენს საპარლამენტო საქმიანობას. განცხადებას ამასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა, მათ შორის გეგმებზე და სტრატეგიებზე მნიშვნელოვანი კანონპროექტების ირგვლივ, გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში და მივიტანოთ ყველა ჩვენი მოქალაქის ხმა. ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რათა თვითმმართველობის არჩევნებზე წარვდგეთ ძლიერად და მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქის ხმა, ჩვენ არ ვარჩევთ – ჩვენი ამომრჩეველი თუ სხვისი ამომრჩეველი, იქნება წარმოდგენილი ამ პარლამენტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.