15.10.2024
- Advertisement -spot_img

ნაზი ჯანეზაშვილი – სასამართლო სისტემაში საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად, გაუმჭვირვალე პროცესებით მიმდინარეობს

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად, გაუმჭვირვალე პროცესებით მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც სასამართლო ხელისუფლებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციას არათუ პროაქტიულად, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგადაც არ ასაჯაროებენ.

როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სასამართლო ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა გამოკვეთა:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაქსიმალურად შეამცირა იმ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე, რომელიც პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულნი არიან, საჯარო ინფორმაცია გასცენ დადგენილ ვადებში, ხშირ შემთხვევაში უარის შესახებ პასუხსაც კი აღარ აგზავნიან.

ამის პარალელურად, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა კომუნიკაცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებთან, სასამართლო სისტემის სხვადასხვა რგოლში.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი აღმოჩნდა, რომ პირი, რომელმაც საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის, სერგო მეთოფიშვილის შვილი ნატალია კალანდია. მან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ მარტივ შეკითხვაზე – როგორია თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა – მონაცემები არ მოგვაწოდა.

ასევე, ნატალია კალანდიას ორგანიზაციისთვის მონაცემები არ მიუწოდებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძისა და რამდენიმე სხვა მოსამართლის მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღესაც არ გამოუქვეყნებია და არ მოუწოდებია (მოთხოვნის მიუხედავად) ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების გადანიშვნას შეეხება. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება ნათელს მოჰფენდა იმ პრობლემას, რომ რამდენიმე მოსამართლისთვის ვადის გაგრძელება პროცედურების გვერდის ავლით მოხდა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „სასამართლოს გუშაგის“ მიერ ბოლო დროს გაგზავნილ შეკითხვებს მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და რუსთავის საქალაქო სასამართლომ უპასუხეს. შესაბამისად, ერთი მხრივ აშკარაა, რომ დარღვეულია კანონით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, ხოლო, მეორე მხრივ, უდიდეს სირთულეს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება. სამუშაო საათებში ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორებიც არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოები ოფიციალურ ვებგვერდებზე მითითებულ სატელეფონო ნომრებზე ზარს არ პასუხობენ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე განმარტებით, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების რაოდენობის, სასამართლოებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დატვირთულობის, მოსამართლეთა დანიშვნისა და სხვა ისეთი საკითხების შესახებ, რომლებსაც სასამართლო ხელისუფლება მიმართვის გარეშეც უნდა ამუშავებდეს და ასაჯაროებდეს. როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხები სრულად განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას, სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი თავს არიდებს არაერთ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც ცხადყოფს, რამდენად ჩაკეტილი და გაუმჭვირვალეა დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img