ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა.
ნიკა გვარამიას გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და სასულიერო პირები.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა.
ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან:
სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე.
გვარამიამ მხოლოდ 2020 წლის წინასაარჩევნოდ გაკეთებული სავარაუდო ანგარიშები გაასაჯაროვა, რომელიც რამდენიმე ნაწილად იყოფა. ერთ-ერთი კრებსი მოიცავს სექსუალური ურთიერთობების სერიას, სადაც დეტალურადაა აღწერილი თანამდებობის პირების, ბიზნესმენების, როგორც მართლმადიდებლები ისე სხვა კონფესიის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ სუს-ის გასცემს მითითებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ადამიანების მიყურადება შემდეგ ჯერზეც.
დოკუმენტებში, რომელიც გვარამიამ წარადგინა, ასევე აღწერილია ჰომოსექსუალური კავშირებიც და უფრო მეტიც, ძირითადად, აქცენტი სწორედ ამაზეა, რაც სუს-ის სავარაუდო დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა”.
მაგალითისთვის, ერთ-ერთი ჩანაწერი მოიცავს არამართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის ჰომოსექსუალურ კავშირებს, შემდეგი კი უკვე მთავარეპისკოპოსის ასეთ სექსუალურ კავშირებს ეხება სამების ტაძრის მღვდელმსახურთან.
ასევე აღწერილია პუტინისტების, გურამ ფალავანდიშვილისა და ლევან ჩაჩუას სატელეფონო ჩანაწერის შინაარსიც, სადაც საუბარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გავრცელებულ ჰომოსექსუალურ კავშირებზე.
ასევე, ნიკა გვარამიას მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სუს-ი აკვირდებოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსნისა და ჟურნალისტის ურთიერთობას, რომლის შედეგადაც ჟურნალისტი თანამდებობის პირისგან დაფეხმძიმდა. ნიკა გვარამიას ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მას აბორტის გაკეთება აიძულა.
გვარამიას თქმით, მოპოვებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სუს-ი საქართველოში არსებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდა და მასალებს ბიძინა ივანიშვილს აწვდიდა.