23.11.2024

ომი უკრაინაში და გაკვეთილები საქართველოსთვის… რა არის საჭირო საინფორმაციო ველზე ომის ეფექტიანი წარმოებისთვის

ომი უკრაინაში და გაკვეთილები საქართველოსთვის… რა არის საჭირო საინფორმაციო ველზე ომის ეფექტიანი წარმოებისთვის? – სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდული ომის მკვლევარის გიორგი მოლოდინის 19 რჩევა.

“1. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მზადყოფნას, რათა თავიდან ავიცილოთ უსაფუძვლო ან თუნდაც “საფუძვლიანი” პანიკა, რადგან პანიკა გახდება არაორგანიზებული ქცევისა და მდგომარეობის მიზეზი;

2. ახალი არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ფიზიკურ სივრცეში მიმდინარე ოპერაციის პარალელურად ხელმძღვანელობს ოპერაციებს საინფორმაციო სივრცეში. ნებისმიერი მოქმედება ( action) გამოიყენება მოწინააღმდეგის დემორალიზებისა და დაპანიკებისთვის;

3. რუსი სამხედროები მჭიდრო კავშირში არიან სახელმწიფო მედიებთან, რომლებიც თავის მხრივ მაქსიმალურად მხარს უჭერენ საინფორმაციო გარემოს;

4. ომის დროს მხოლოდ მითებისა და დეზინფორმაციების დევნა იქნება ყველაზე არასწორი სტრატეგია. ეს იქნება მოწინააღმდეგის მოედანზე თამაში და წყალში გადაყრილი დრო. აუცილებელი იქნება პროაქტიულ რეჟიმში საკუთარი “სიმართლეების” მაქსიმალურად სწრაფად გავრცელება;

5. რუსები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და მათ შორის “ტელეგრამს”; კონკრეტული კორესპონდენტები თავიანთ დამოუკიდებელ არხებს ფლობენ სადაც მყისიერად ავრცელებენ ათასგვარ სიყალბეს;

6. არავინ იფიქროს, რომ “ფეისბუქი” ნაკლებად მნიშვნელოვანია. რუსული კერძო და მსხვილი ბიზნები, ასევე, სახელმწიფო უწყებების ოფიციალური გვერდები რეგისტრირებულნი არიან “ფეისბუქზე” და მათი “შეწუხება” შეიძლება;

7. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მოსახლეობის დროულ და სანდო წყაროებიდან ინფორმირებას. ამ ურთიერთობაში ბზარი იქნება დამღუპველი ორივე მხარისთვის. ამიტომ, მოსახლეობასთან გულწრფელი კომუნიკაციისბ შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს;

8. საყურადღებოა, რომ როგორი სანდო და კვალიფიციურ კომუნიკაციაშიც არ უნდა შევიდეს სამთავრობო კომუნიკაციების გუნდი მოსახლეობასთან მოქალაქეებს მაინც უჩნდებათ მძაფრი მოთხოვნილება ინფორმაციის არაოფიციალური, არაფორმალური არხებით მიღების – ბლოგერები, მილიტარისტი მოქალაქეები, ექსპერტები, ადგილობრივი ავტორიტეტები. საჭირო იქნება მათი ინტეგრაცია ერთიან სამთავრობო საინფორმაციო პოლიტიკაში, თუმცა ეს ძალიან ფაქიზად და მოქნილად უნდა გაკეთდეს;

9. ერთიან საინფორმაციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით უნდა მოხდეს ქვედანაყოფებიდან, როგორც ბრძოლის ველიდან წარმატებული ან/და წარუმატებელი ქეისების რეპორტინგი, რათა დროულად შევძლოთ ამბის ადეკვატური ინტერპრეტირება; მანამ სანამ ამას მოწინააღმდეგე გააკეთებს ჩვენს მაგივრად;

10. პერიოდულად სდაჭირო ხდება ბრძოლის ჟინისა და მედეგობის “კვება”, ამისთვის საჭირო ხდება მაგალითების მოძიება და ამ მაგალითების ეფექტიანი კომუნიკაცია;

11. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ომის დროს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ შესაბამისი არხები იქნება შესაქმნელი. ყველაფერთან ერთად რუსეთის მოსახლეობა და ჩვენი სამეზობლო იქნებიან სხვადასხვა გზავნილების ადრესატები.

12. ყველგან იქნება გასათვალისწინებელი რომ მეზობელი ქვეყნის მთავრობები და ამ ქვეყნების მოსახლეობა სხვადასხვა სამიზნე აუდიტორებია და სხვადასხვა კომინიკატორები იქნება საჭირო;

13. ქართულენოვანი საკომუნიკაციო არხებისა და კომუნიკატორების გარდა საჭირო იქნება აზერბაიჯანული, სომხური და რუსულენოვანი საკომუნიკაციო არხების შექმნა; კომუნიკატორების ინტეგრირება საინფორმაციო პოლიტიკაში;

14. ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები ამავე დასახლებების მკვიდრებისთვის ხშირად არიან ყველაზე სანდო და ოპერატიული ინფორმაციის წყაროები. ქალაქის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მათთან მიახლოებულ ტიპებს უნდა განემარტოთ რომ მოსახლეობის ინფორმირება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია მათი ერთ-ერთი მოვალეობა იქნება კრიზისის დროს;

15. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი კატასტროფები ხშირად საბრძოლო მოქმედებებზე უფრო მასსთაბურად ფატალური შედეგებით მთავრდება, ომი არის „გამორჩეული“ კრიზისი. ამდენად ყოველდღიური შემაჯამებელი და საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გახმოვანებისას კომუნიკაციის წარმოება ქვეყნის პირველი პირებისგან იქნება უპრიანი და არ კრიზისების მართვის ცენტრის დროებით სპიკერისგან. ამ უკანასკნელის კომუნიკაციას არ დასჯერდება მოსახლეობა, ვინც არ უნდა იყოს;

16. ცალსახად იკვეთება ომის რეპორტიორების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია მათი კომპეტენტურობა, ბრძოლის ველიდან მაუწყობელობის დროს, რათა დაშვებულმა შეცდომებმა მტკივნეული დაღი არ დაასვას როგორც მოსახლეობის განწყობებს ასევე სამხედროების ამოცანებსაც;

17. უკრაინელების ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიაა ტყვეების კომუნიკაცია თავიანთ დედებთან. ეს ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილია და სავარაუდოდ ეფექტურად იმოქმედებს, მაგრამ უცნობია მოკლე და საშუალოვადიან პერიოდზე როგორ მუშაობს. მინიმუმ, საჭირო იქნება სწორი საკომუნიკაციო არხების მოძიება რათა მსგავსი ოპერაცია სამიზნე აუდიტორიაზე გავრცელდეს;

18. მოწინააღმდეგის დაცინცვა – საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, პირველ რიგში საკუთარი აუდიტორიის მოტივაციაზე. არაფერი ახალი ამ მეთოდში არ არის, თუმცა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები შესაძლებლობას გვაძლებს საშუალო საკომუნიკაციო ეფექტის გაორმაგების;

19. რაც მთავარია, ადგილზე მყისიერად უნდა შეჩერდეს მტრული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მუშაობა (ან მანამდე რატომ უნდა მუშაობდეს, მაგრამ მაინც, დღეს ხომ ასეა?! )დღესვე უნდა იდენტიფიცირდეს და შეიქმნას ბაზები სადაც თავს იყრის რუსულენოვანი აუდიტორია, რიგითი მოქალაქეები… საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. “ფეისბუქი” სავსეა მსგავსი გვერდებით, რომლებიც მჭიდრო კავშირს ამჟღავნებენ საქართველოსთან; ომის დროს ასეთი ბაზების კეთების დრო ალბათ არ იქნება; ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ იყოს პანიკა. პანიკაში ჩავარდნილი ადამიანი დაბნეულ, ქაოსურ მდგომარეობაშია და მისი ქცევები არაადეკვატურია. პანიკა ემართებათ ადამიანებს უმართავი შიშის გრძნობის საფუძველზე. ცნობილია რომ პანიკის საფუძველი ხდება განათლების დაბალი დონე და არაინფორმირებულობა. შიში კი ჩნდება საფრთხეზე, რომელზე პასუხიც ადამიანს არ აქვს.

შესაბამისად, 19 პუნქტი რომელიც ჩამოვწერე მეტ-ნაკლენად მიემართება საკუთარი მოსახლეობის ინფორმირებაზე, საფრთხის ადეკვატურ აღქმაზე და ამ საფრთხეებზე რეაგირებისთვის საჭირო „ცოდნების“ დაგროვებაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img