შეიძლება უკეთესიცაა, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსის სახით და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს, ვაღიაროთ პირდაპირ, საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაციაც აღარ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „მიღწევებით ყველაფერში უსწრებს“ და ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი „საჩუქრად, ავანსის სახით“ მიიღო.
„მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინეთ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას – გამანადგურებელ ომს და მოლდოვის მდგომარეობას, ამ ორ ქვეყანას ჩვენ მიღწევებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსის სახით [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი] და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს, არამედ პირიქით. ვაღიაროთ პირდაპირ, საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაციაც აღარ იქნებოდა. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს ორივეს – ოპოზიციასაც და მმართველ ძალასაც, რომ ეს პირობები შევასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.