ყაზახეთში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გადადგა მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ალმათში, სადაც განსაკუთრებით დაძაბული ვითარება იყო, დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. შენობას ცეცხლი უკიდია.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსამდენი გაზი გამოიყენა, თუმცა მომიტინგეებმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს. ახლა საოლქო ადმინისტრაციის შენობა მომიტინგეების მიერ არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია იქ დასაქმებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან ღამე გაათიეს, დილით კი შენობის შტურმით აღება დაიწყეს.
ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.
საპროტესტო აქციების პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების ფარგლებში, დედაქალაქში 23:00 საათიდან 07:00 საათამდე კომენდანტის საათი იქნება გამოცხადებული. გარდა ამისა, ნურ-სულთანში შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება და აიკრძალება მასობრივი შეკრებები. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის კიდევ რამდენიმე რეგიონში იმოქმედებს.
შეგახსენებთ, მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა. პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო. მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.