19.09.2021
- Advertisement -spot_img

ყაზბეგის მერობის კანდიდატმა გუნდთან ერთად “ოცნება” დატოვა

“აღარ წარმოვადგენ “ქართული ოცნების” კანდიდატს – მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და ბრძოლას გავაგრძელებთ სწორედ ხევის სახელით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შალვა ელოშვილი წერს, რომელიც პარტიამ „ქართული ოცნება“ 30 ივლისს ყაზბეგის მერობის კანდიდატად დაასახელა.

როგორც ელოშვილი წერს, გამოიკვეთა, რომ “ქართული ოცნებისთვის” ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც 2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის.

„სანამ ამ პოსტს წაიკითხავთ, მინდა დავიწყო იმით, რომ დღესდღეობით მე აღარ წარმოვადგენ “ქართული ოცნების” კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებზე.

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საჯარო პირის პასუხისმგებლობა მისი ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, განვმარტო ეს საკითხი.

2012 წელს, როდესაც დავიწყეთ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, ჩვენი უპირველესი მიზანი იყო დაგვემარცხებინა არა რომელიმე ადამიანი, არამედ ის ტოტალური ბოროტება და უღირსობა, რამაც მოიცვა მთელი ქვეყანა.

მაშინ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დადგა იმ ძალის მხარეს, რომელმაც შეძლო ადამიანებში გაეჩინა იმედი, რომ ისინი უკეთეს, უფრო ძლიერ და სამართლიან ქვეყანაში იცხოვრებდნენ, რომლის ხელისუფლება იზრუნებდა კეთილდღეობაზე, ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე, ეკონომიკურ აღმავლობაზე, თითოეული რეგიონის, ქალაქის და სოფლის იმგვარად განვითარებაზე, სადაც მოსახლეობა თვითონ წყვეტს, რა არის საჭირო მისი საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის.

ამ რწმენით მოვედით მე და ჩემი გუნდი 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სათავეში და ვფიქრობ, ცდა არ დაგვიკლია, რომ სტეფანწმინდისა და თითოეული სოფლისთვის მაქსიმალურად მცირე დროში მოგვეგვარებინა პირველი რიგის, გადაუდებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც წლობით გადაუჭრელი პრობლემები. ამ პერიოდში ჩვენი გუნდის მუშაობის ერთადერთი ფასეული შედეგი მოსახლეობის მხარდაჭერა და სიყვარულია, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ 4 წლის შემდეგ საკუთარ თავზე კვლავ ამეღო მუნიციპალიტეტზე ზრუნვის ვალდებულება.

სამწუხაროდ, მალევე გამოიკვეთა, რომ “ქართული ოცნებისთვის” ასეთივე ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა და არც გუნდი, რომელმაც 2012 წელს თავი გადადო გამარჯვებისთვის. პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს. ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, “ქართული ოცნების” ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში. ამ ვითარებაში, ჩვენ არ ვაპირებთ, დავრჩეთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და დავშორდეთ ჩვენს ნამდვილ ერთობას, რომელთა მხარდაჭერა მაძლევს ამ პოსტის გამოქვეყნების საფუძველს.

მე და ჩემი გუნდი ვტოვებთ “ქართულ ოცნებას” და ბრძოლას გავაგრძელებთ სწორედ ხევის სახელით.

ჩვენი ინტერესი, როგორც ეს ხშირად ხდება, არასოდეს ყოფილა პრივილეგიების მოპოვება. ჩვენთვის თანამდებობა, მისი ნამდვილი მნიშვნელობით, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობა იყო და ასე დარჩება ყოველთვის. როგორც ჩანს, ეს ინტერესი წინააღმდეგობაში მოდის სხვის სხვაგვარ ინტერესებთან, რაც არ ტოვებს ჯანსაღი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. რაც შეეხება მომავალს, ძალიან მალე ჩვენი გუნდი წარდგება თქვენს წინაშე და გაგაცნობთ სამომავლო გეგმებს”, – წერს ელოშვილი “ფეისუბუქზე”.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები 30 ივლისს დაასახელა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img