12.06.2021
- Advertisement -

რა არის კორონავირუსის ე.წ ინდური შტამი და არის თუ არა ის უფრო საშიში?

რა არის კორონავირუსის ე.წ ინდური შტამი და არის თუ არა ის უფრო საშიში? – ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი საქართველოში მას შემდეგ გახდა, რაც ოფიციალურად დადასტურდა ჩვენს ქვეყანაში ინდური შტამით ინფიცირებულების შემთხვევები.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ინდური შტამი დაუდასტურდა. 5 მოგზაურიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “აქედან სამმა, რომელებიც უცხოელები იყვნენ დატოვეს ქვეყანა, დანარჩენი ორი – საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რა არის ინდური შტამი და რატომ უწოდებენ მას “ორმაგ მუტანტს”?

B.1.617 – ეს COVID19-ის ინდური ვარიანტის ოფიციალური სახელია. არაოფიციალურად მას „ორმაგ მუტანტსაც“ უწოდებენ. ე.წ. „ინდური შტამი“ ორ მუტაციას აერთიანებს – E484Q-სა და L452R-ს. ეს მუტაციები ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსში ადრეც გვხვდებოდა, თუმცა პირველად სწორედ ინდოეთში გაერთიანდნენ.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს თანახმად, B.1.617 ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 24 მარტს კი ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთში დაფიქსირებული ვირუსის 15-20% სწორედ ე.წ. „ინდურ შტამზე“ მოდიოდა. 20 მაისის მონაცემებით, COVID19-ის ინდური ვარიანტი მსოფლიოს 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ინდურ შტამზე ბრიტანეთის მთავრობა მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კორონავირუსის ინდური ვარიანტი უფრო ადვილად ვრცელდება ვიდრე მისი ბრიტანული B.1.1.7 ვერსია.

ის, რომ კორონავირუსის „ინდური ვარიანტი“ შესაძლოა უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე „ბრიტანული შტამი“, რომელიც თავის მხრივ, თითქმის 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე COVID19-ის ორიგინალური, ანუ ჩინური ვერსია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ლაპარაკობს. კორონავირუსის „ინდურ შტამს“ მათ „ღელვის საბაბი“ უწოდეს.

რას ამბობენ საქართველოში ინდურ შტამზე?

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ინდური შტამის შემთხვევაში, ბრიტანულისგან განსხვავებით, ცოტა მეტი მუტაცია მოხდა. მისი განმასხვავებელი ნიშნები კი, გადაცემის მეტი სისწრაფეა და – ის ბრიტანულ შტამზე უფრო იოლად ვრცელდება.

„ზოგადად, ვირუსებს ახასიათებს დიდი და მცირე მუტაციები, რის შედეგადაც, ახალი შტამები წარმოიშობა. ზოგჯერ, ეს ახალი შტამები მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან, ზოგჯერ, განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას ვერ ვამჩნევთ. ამის ყველაზე კარგი მაგალითი გრიპის ვირუსია, რომლის ასორტიმენტი ყოველწლიურად ახლდება. არც COVID-19-ის ვირუსი არ გამოდგა გამონაკლისი და მასში მუდმივად მიდის მუტაციები. უფრო ხშირად, ეს მუტაციები იმდენად მცირეა, რომ ის შეუმჩნეველია და ახალი შტამის სტატუსი არ ენიჭება. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მუტაცია იყო საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ დაერქმიათ ახალი შტამი. დღეს სულ რამდენიმე შტამს განარჩევენ; პირველია კლასიკური – ჩინურ-ევროპული შტამი, რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგ მოდის ე.წ. ბრიტანული შტამი, ბრაზილიური, სამხრეთაფრიკული და ინდური შტამები. ვარაუდობენ, რომ ინდური შტამის შემთხვევაში, ბრიტანულისგან განსხვავებით, ცოტა მეტი მუტაცია მოხდა. მისი განმასხვავებელი ნიშნებია გადაცემის მეტი სისწრაფე – ის ბრიტანულ შტამზე უფრო იოლად გადაეცემა. ასევე, მას ახასიათებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირების უფრო იოლად დაინფიცირება. რაც შეეხება მიმდინარეობის სიმძიმეს; ჯერ არ არსებობს ერთიანი აზრი. ზოგი ვარაუდობს, რომ ინდური შტამი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მეტი სიკვდილობა ახასიათებს, ვიდრე – ჩვეულებრივს, სტანდარტულსა და ბრიტანულს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ჯერ დადასტურებული არაა, რადგან დიდი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ; ინდური შტამი, ისევე, როგორც ბრიტანული, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს კოვიდპანდემიის დინამიკა და ჩვენი ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდეს. ეს ნიშნავს, რომ მისი სიმპტომებიც მსგავსია, თავდაცვის საშუალებები – პირბადე და სოციალური დისტანცია აბსოლუტურად იგივეა, უბრალოდ, ამ შტამს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუ ჩინურ-ევროპული შტამით ინფიცირებულთან კონტაქტი გვექნებოდა და დასნებოვნების რაღაც შანსი გვექნებოდა, აქ უფრო მაღალი შანსია, რომ ვირუსი გადმოგვედოს“, – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია “იმედთან”.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამისგან, დიდი ალბათობით, COVID-19-ის ყველა ვაქცინა გვიცავს.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -