უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება მაშინ, როცა ოკუპანტი ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს დააბრუნებს. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა „ენეიჩკასთან“ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია, მაგრამ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ იმ ტერიტორიების დაბრუნებაც გვსურს, რაც 24 თებერვლის შემდეგ მიიტაცეს. ამის შემდეგ დავბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები რთული იქნება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმი და დონბასი უკრაინის კუთვნილებაა, მაგრამ ახლა მთვარი ამოცანა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაა.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
„მსოფლიო უკრაინას სამ დღეს აძლევდა მთელი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ხედავთ, არა სამი დღე, არა 30 დღე, არამედ 3 თვე გავიდა. ჩვენ გავაერთიანეთ მსოფლიო უკრაინის ირგვლივ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან მსოფლიო უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.