II მსოფლიო ომამდელ საბჭოთა ციხეებში და მერეც, 1953 წლამდე, პატიმრებში მოდური იყო ლენინისა და სტალინის ტატუების დახატვა გულზე. ამ გავრცელებულ “ტრადიციას” საინტერესო ახსნა აქვს: ქურდული სამყაროს წევრებს სოლიდარობა ჰქონდათ საბჭოთა ბელადების მიმართ, რადგან მათ საკუთარი წრიდან გამოსულ გაპოლიტიკოსებულ დამნაშავეებად თვლიდნენ, ვინც სახელმწიფო პოლიტიკას ქმნიდა. მეტიც, ქურდულ სამყაროში ლენინს და სტალინს კომუნისტური პარტიის მთავარ „განაბად“ მოიხსენიებოდნენ. ლენინის გამოსახულება იყო როგორც პიქტოგრამა: В-ождь О-ктябрьской Р-еволюции… რაკი ყაჩაღ, მკვლელ და არაერთგზის ნასამართლევ იოსებ სტალინს საბჭოთა სახელმწიფო ჩააბარეს, ყველაფერი დაკარგული არაა! – იყო დამნაშავეთა ლოგიკა. მეორე, გაცილებით პოპულარული ახსნა, თუ რატომ იხატავდნენ დამნაშავეები სტალინისა და ლენინის ტატუს გულსა და ზურგზე, უფრო ლოგიკურია – მათთვის სიკვდილის მისჯის შემთხვევაში, ვერავინ ბედავდა ბელადების გამოსახულებისთვის ესროლა და ამიტომ, მეტი შანსი იყო ე.წ. „სიკვდილმისჯილთა ბატალიონში“ მოსახვედრად, სადაც საკუთარ სიცოცხლეს ბრძოლის ველზე გამოისყიდდი. იყო შემთხვევები, როდესაც „მწვანე პროკურორთან რიგში მდგომი“ პატიმრები, გაქცევის წინ წელსზევით შიშვლები დემონსტრაციულად დადიოდნენ ბარაკებში, რათა ყველას ენახა, რომ მათ დიდი ბელადები ახატიათ გულზე და მათთვის მსროლელი, ლენინისა და სტალინისთვის მსროლელი იყო. კრიმინალურ წრეში კარგად იცოდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ არაერთი ბადრაგი დააპატიმრა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, როდესაც ამ უკანასკნელებმა ბელადის ტატუიან პატიმარს ესროლეს, ამიტომ ეს იყო ვა-ბანკზე წასვლა და რისკი, რომელიც სრულიად გამართლებულად ეჩვენებოდა ყველა გამქცევს. მაგრამ აქაც იყო სრულიად გამაოგნებელი შემთხვევები, რომელსაც ყოფილი საბჭოთა ექსპერტ-კრიმინალისტი არკადი ბრონიკოვი საკუთარ ბიოგრაფიულ წიგნში იხსენებს: ციხის ადმინისტრაცია შეპყრობილ პატიმრებს კანის იმ ნაწილს აჭრიდა, რომელზეც ბელადების სურათი იყო გამოსახული და მხოლოდ ამის შემდეგ ხვრეტდა მათ.
წყარო: საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი https://bit.ly/3alX3Fv