17.01.2022
- Advertisement -spot_img

რატომ თქვა უარი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე – ნიკა სიმონიშვილის განმარტება

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ამის მიზეზი არის ის, რომ საკანონმდებლო პროცედურები არის ორიენტირებული არა კონსენსუსზე და მაღალ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სანდოობაზე, არამედ უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე, ასეთ არაჯანსაღ პროცესში მათი მონაწილეობის აზრი კი ვერ დაინახეს.

„ჩვენ წინა ჯერზე მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა ამ ჯერზე აღარ ვმონაწილეობთ, რამდენიმე მიზეზის გამო. წინა წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ იმ წესით დაკომპლექტებულ კომისიაში მონაწილეობის მიღებას, როგორიც წინა წელს იყო და იგივე პრინციპით კომპლექტდებოდა, აზრი არ ჰქონდა იმდენად, რამდენადაც მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კომისიის წევრთა უმრავლესობა წინასწარ შეთანხმებულად მოქმედებდა, შეთანხმებულ კანდიდატებს უჭერდნენ მხარს. ამდენად უბრალოდ აზრი არ ჰქონდა იმ კომისიაში მონაწილეობის მიღებას.

მეორე, რა თქმა უნდა, ზოგადად კომისიის დაკომპლექტების წესიც არ არის სწორი, შესარჩევი კომისია ამ წესით არ უნდა კომპლექტდებოდეს, ჩვენ ამაზე გვქონდა თავის დროზე საკანონმდებლო პროცესში შენიშვნები. დაკომპლექტების წესი რომ არ იყო გამართული და სწორი, გამოვლინდა იმითაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება როგორც იყო მიღებული წინა ჯერზე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე იქონია გავლენა იმ არასწორმა წესმა, რომელიც კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

შემდეგი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ პარლამენტმა შეცვალა კანონმდებლობა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის წესს არეგულირებს და გაამარტივა უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის საკითხი. ამ გამარტივებული წესით, რეალურად 6 თვეში ერთხელ დანიშნავს პარლამენტი და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ პროფესიულ წევრებს და არ არის ორიენტირებული კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებაზე. რა თქმა უნდა, 6 თვეში ერთხელ არჩეული წევრი ყოველთვის იქნება დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე, პოლიტიკურ ნებაზე, რომ 6 თვის გასვლის შემდგომ ის კვლავ იყოს არჩეული და დანიშნული შესაბამის თანამდებობაზე. არჩევის წესი იმდენად არის გაუბრალოებული, პირდაპირ არის ორიენტირებული იმაზე, რომ 6 თვის ვადით იყვნენ დანიშნულები, რომ, როდესაც არ არიან გარანტირებული ამ თანამდებობაზე ყოფნით და მცირე ვადით არიან დანიშნული, ისინი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე იქნებიან დამოკიდებული და შესაბამისად დაბალი ვადით მათი დანიშვნა არ იძლევა მათი დამოუკიდებლობის გარანტიას.

კომისიის ხუთი წევრიდან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოვადგენდით, ოთხმა უარი თქვა. წინა ჯერზე კომისიის წევრები ვიყავით ჩვენ, IDFI, მანაც უარი თქვა. „სამართლიანი არჩევნებიც“ იყო და უარი თქვა, „გამჭვირვალობამაც“ უარი თქვა. „მრავალეროვანი საქართველო” იყო წინა ჯერზე კომისიის წევრი და ისინი შევიდნენ ისევ კომისიაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო კიდევ შეთავაზებები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მათმა დიდმა ნაწილმა უარი თქვა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა “ინტერპრესსნიუსთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img