19.09.2021
- Advertisement -spot_img

რევაზ ბოჭორიშვილი – აცრა დაშვებულია ორსულობის პერიოდში და მეძუძური დედებისთვისაც

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” უახლესი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ვაქცინაცია ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვისაც დასაშვებია.

„ვინაიდან კეთილის მსურველები პერიოდულად, ბოლო დღეებში კი განსაკუთრებით აქტიურად მახსენებენ ჩემს საქმეს მივხედო, აგერ ბატონო, გადავწყვიტე ორსულების კოვიდ საწინააღმდეგო აცრების საკითხს შევეხო, მით უმეტეს ბევრი კითხვა მომდის ამასთან დაკავშირებით და თანაც საფრანგეთში, ზუსტად წინა კვირაში, ბევრი ოფიციალური განცხადება გაკეთდა ორსულების აცრებზე.

ჯანდაცვის მარეგულირებელი ინსტანციების მიერ გამოცხადდა, რომ ორსულობის ვადას მნიშვნელობა აღარ აქვს, აცრა დაშვებულია ორსულობის პირველიდან ბოლო ტრიმესტრის ჩათვლით და მეძუძური დედებისთვისაც. აქამდე მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში იყო დაშვებული აცრა.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად გახდა საფრანგეთის პრეპარატების ტერატოგენური (ანუ ორსულობისას სიმახინჯის თუ დაავადების გამომწვევი ) ეფექტის შემსწავლელი ცენტრის დასკვნა ამ ვაქცინების შესახებ. https://lecrat.fr/spip.php?page=article&id_article=1123

დასკვნის ტექსტი უახლესია, ბოლო ვერსია 22 ივლისით თარიღდება.

ეს ძალზე სერიოზული ორგანიზაციაა და მათი დასკვნები ყოველთვის გამყარებულია სანდო სამეცნიერო კვლევებით. ეს ტექსტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ-ერთი გავრცელებული შიში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ნაყოფზე (ახალშობილზე) რაიმე უარყოფითი მოქმედების შიშია.
ამ დასკვნაში ჩამოთვლილია რა ვაქცინები გამოიყენება საფრანგეთში ყველაზე ფართოდ, ესენია რნმ ვაქცინები – COMIRNATY® (Pfizer&BioNTech) – SPIKEVAX® (Moderna) და ვექტორული ვირუსული ვაქცინა -VAXZEVRIA® (AstraZeneca Oxford). აღწერილია მათი შემადგენლობა. ამას დეტალურად არ მოვიყვან.

განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ორგანიზმში არც გამრავლების (რეპლიკაციის) და არც ინფიცირების (დაავადების გამოწვევის) უნარი, შესაბამისად არ არსებობს საშიშროება, დედის აცრის შედეგად ნაყოფის SARS Cov 2 ით დაავადებისა .

შემდეგ შეჯამებულია დღევანდელი დღისათვის არსებული სამეცნიერო მონაცემები და მოცემულია რეკომენდაციები.

✔️ექსპერიმენტული კვლევების შედეგების მიხედვით, რნმ ვაქცინებს არ გააჩნია არც ტერატოგენული არც ფეტოტოქსიური (ნაყოფზე ტოქსიური) მოქმედება

✔️აშშ ში ნებადართულია ორსულების აცრა ამ ვაქცინებით ნებისმიერ ვადაზე

✔️დღეისთვის გამოქვეყნებულია მონაცემები დაახლოებით 4000 აცრილი ორსულის შესახებ. ამათგან 25% აცრილია პირველ ტრიმესტრში, 50% მეორეში და 25% მესამეში

✔️უკვე დაიბადა 700 ბავშვი, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის გარეშე

✔️პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს აცრილ დედებს ჯერ არ უმშობიარიათ, ამიტომ მათ შესახებ ყველა მონაცემი არაა ჯერ ცნობილი

რაც შეეხება რნმ ვაქცინებით აცრილ დედებს:

✔️სულ აცრილია 30 000 ორსული ქალი. ვაქცინების ტოლერანტობა ისეთივეა როგორც არა ორსულ ქალებში

✔️100-მდე ორსულში შესწავლილია იმუნური პასუხი აცრის შემდგომ, რომელიც არ განსხვავდება არა ორსულებში იმუნური პასუხისგან

ვექტორული ვირუსული ვაქცინა (ასტრაზენეკა):

✔️ტოქსიკურობის კვლევა ცხოველებში გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე მოსალოდნელი არაა

✔️რაც შეეხება ორსულ ქალებს, მათ შესახებ კლინიკური კვლევების მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არაა

პრაქტიკული თვალსაზრისით:

1️⃣ორსულობის სურვილი:

👉არანაირი მოცდა გამართლებული არაა ორსულობამდე რნმ ან ვექტორული ვაქცინებით აცრის შემდეგ (ანუ აცრიდან მაშინვე შეიძლება დაორსულება)

2️⃣ორსულობის დადგენა პირველი დოზით აცრის შემდგომ:

👉უნდა მოხდეს პაციენტის დამშვიდება და ახსნა განმარტების მიცემა ტერატოგენური და ფეტო ტოქსიური რისკების შესახებ.

👉არაფერი არ უშლის ხელს მეორე დოზის გაკეთებას დაგეგმილი სქემის მიხედვით.

3️⃣ორსული ქალის აცრა:

👉ორსულის აცრა შესაძლებელია და გამართლებულია, განსაკუთრებით რისკფაქტორების არსებობის დროს (დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სარისკო პროფესია)

👉არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, პრინციპის თვალსაზრისით, უმჯობესია რნმ ვაქცინების გამოყენება

👉თუ შესაძლებელია, აცრის სქემა უნდა დაიწყოს ამენორეის მე-10 მე-20 კვირას შორის და რაც შეიძლება ადრე, რათა ორსული სრულად იქნეს დაცული მესამე ტრიმესტრში

ძუძუთი კვება და აცრები:

✅დღეს დღეობით, ძუძუთი კვების პერიოდში 4000 აცრილი ქალის მონაცემების მიხედვით, აცრას რაიმე უარყოფითი გავლენა არ აქვს ახალშობილზე.

✅რნმ ვაქცინებისა და ვექტორული ვაქცინების გადასვლა რძეში არ იყო მოსალოდნელი და არც დაფიქსირებულა.

✅არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ინფექციის გამოწვევის პოტენციალი და ძუძუთი კვების დროს აცრილი დედის მიერ ახალშობილის დაავადების რისკი დედის რძის გზით არ არსებობს.

✅ამის გათვალისწინებით, მეძუძური ქალის აცრა რნმ ან ვექტორული ვაქცინით შესაძლებელია.

⚠️ეს რეკომენდაციები გაცემულია საფრანგეთისთვის, ემყარება მსოფლიო გამოცდილებას და საქართველოს რეალობაშიც შეიძლება იქნეს გათვალისწინებული.

ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება ყველა ქალმა უნდა მიიღოს ინდივიდუალურად კომპეტენტურ მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ“, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img