საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გუნდთან ერთად იმყოფება და დეპუტატებს თავის გეგმებს აცნობს. მან ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირველ 100 დღეს გამოიყენებს, რათა თავისი ხედვები ჩამოაყალიბოს და სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები შეხედულებისამებრ შეიტანოს.
„მე, როგორც პრემიერობის კანდიდატს, იმედი მაქვს, რომ იმ 100 დღეს, როგორც პრაქტიკაშია მიჩნეული, გამოვიყენებ იმისთვის, რომ კარგად ჩამოვაყალიბო ჩემი ხედვა და ჩემი შეხედულებისამებრ გუნდთან ერთად შევიტანო განახლება სამთავრობო პროგრამაში.
მე ვეცდები თეზისების დონეზე ჩამოვაყალიბო როგორ მესახება ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან. ჩვენი მთავარი პრობლემა და გამოწვევა ამ ეტაპზე არის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეები, სიღარიბე, მოსახლეობის რთული მდგომარეობა, შიდა უსაფრთხოების საკითხები, რომელიც საჭიროებს სწრაფად გადაწყვეტებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან განვლილ ბოლო 30 წელზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად ბევრი კარგი ნაბიჯისა, ქვეყანამ არაერთი შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგებსაც „დღეს ვიმკით“. პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყანას ბევრი შიდა თუ გარე მტერი ჰყავს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ზოგი რამ უმეცრებით, ზოგი მერკანტილური მიზნებით „ბევრი რამ ცუდი დავმართეთ ჩვენს ქვეყანას“.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაზე საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი “ვარდების რევოლუციას”. მისივე თქმით, მასზე <რევოლუციაზე> მოსახლეობამ დიდი იმედები დაამყარა, თუმცა მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედოდ მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. მან მაგალითებად დაასახელა ადამიანების წამება, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ.
„უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ, ერთი ხელის მოსმით ვერ შეიცვლებოდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხალხის გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგი იყო თავისუფლება დევნისა და წამებისგან, სახელმწიფო ინსიტუტების დეპოლიტიზაცია. თანდათან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკის გაჯანსაღების, ჯანდაცვის სისტემის, სოციალური თანასწორობის მიმართულებით, დღევანდელი ჯარის და პოლიციის შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც დაგვხვდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატის თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოჰყვა, რომ ყველას კარგად ახსოვდეს, თუ საიდან მოვდივართ და რა გავიარეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “გამოწვევებმა ქვეყანას აჩვენა, რომ დღეს გვმართებს მეტი არაორდინალურობა, მეტი კრეატიულობა და მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებებში“.
„დღეს ჩვენ ომში ვართ, უხილავ მტერთან. გვაქვს მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ და როდის დასრულდება პანდემია და უხილავი ომი, ამიტომ საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება. ჩვენ უნდა გავაათმაგოთ გარღვევა ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი კი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ნაპრალი სულ უფრო იზრდება მდიდრებს და ღარიბებს შორის, ელიტებს და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის. ეს ასეა მთელ მსოფლიოში და ეს კარგს არაფერს გვიქადის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადზეც ისაუბრა და თქვა, რომ „ევროპისკენ სწრაფვას ხორცს ვერ შევასხამთ, თუ არსებითად არ შეიცვალა მიდგომები. მხოლოდ აბსტრაქტული, ქაღალდზე დაწერილი რეგულაციებით და წესებით არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. ჩვენ გვჭირდება სათანადოდ განვითარებული ეკონომიკა, უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. უნდა გავაძლიეროთ ადამინის უფლებების დაცვა და გადავდგათ გონივრული ნაბიჯები ძალთა ბალანსში ჩვენი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად“.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატმა მომავლის გეგმებსაც გაუსვა ხაზი და ის ხედვები გააჟღერა, რომლითაც მისი თქმით, ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ვაქცინების შემოტანა და 10 წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმების შემუშავება, რომელსაც მე ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად, თქვენი ჩართულობით. ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს და ახალ ენერგიას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. ამ იდეამ ჩამორჩენილობის და სიღარიბის დაძლევის და განვითარების ათწლეულად უნდა აქციოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და თეზისების სახით რამდენიმე დეტალი გამოყო.
მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკა და პოლიტიკა უნდა გახდეს პროგნოზირებადი, სახელმწიფომ კი უნდა იტვირთოს მთავარი ტვირთი პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ და გარღვევას ჯერაც ვერ მივაღწიეთ. პირველ რიგში, ფასადური მითები უნდა გავარღვიოთ, რაც უკვე ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მითია სუსტი სახელმწიფოს იდეა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ კონტექტს, რაც დღეს არის შექმნილი როგორც საქართველოში, ისე – მსოფლიოში. პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების მაგალითები ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა, ხოლო ძლიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენი მთელი აქცენტი გადატანილი იქნება ახალ ინიციატივებზე, რომელსაც ამ 100 დღის განმავლობაში წარმოგიდგენთ“, – თქვა პრემიერობის კანდიდატმა.
მასალა მოამზადა bm.ge