„როიტერის“ ცნობით, საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ათასობით ადამიანს ხანძრების გამო საცხოვრებელი სახლების დატოვა მოუხდა. ევაკუაციის პროცესში ჩართული არიან ბორნებიც.
კუნძულზე მეექვსე დღეა ებრძვიან ტყის ხანძრებს. კუნძულ ევიაზე 570-ზე მეტი მეხანძრე იმყოფება. აქ ხანძრის ორი აქტიური კერაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკან დაიხია კერებმა, რომლებიც დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთის უბნებს ემუქრებოდა, თუმცა ქვეყანაში ხანგრძლივი ძლიერი სიცხეების და ქარის შემდეგ ტყის ხანძრები სხვადასხვა ადგილას გაჩნდა, დაიწვა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, სახლები და ბიზნესები. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო საბერძნეთის არმია, ქვეყანას ეხმარება საფრანგეთი, ეგვიპტე, შვეიცარია და ესპანეთი.