04.12.2021
- Advertisement -spot_img

საიას შეფასება 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით, ასევე მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები. საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ, კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება. 

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება.“ – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

საია მოკლე მიმოხილვას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებითაც.

„სამართალდამცავების მხრიდან სასამართლოს განჩინების აღსრულებას წინ უძღოდა პოლიტიკური პროცესები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 16 თებერვალს პარლამენტმა დეპუტატის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის წინასწარი თანხმობა გასცა. შედეგად, ამავე წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გირაო შეიცვალა პატიმრობით, დასაბუთების ნაწილში წარმოშობს კითხვის ნიშნებს.

სამართალდამცავების მხრიდან სასამართლოს განჩინების აღსრულებას წინ უძღოდა პოლიტიკური პროცესები

მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, რის მიზეზადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა.

შს სამინისტრომ დაგეგმილი ღონისძიება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო დროებით გადადო. ხოლო, პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილს, მიმართ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მეორე დღესვე ნიკა მელია დააკავეს. სახელმწიფო უწყებების მხრიდან მსგავსი ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად“ – ნათქვამია განცხადებაში.

საია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დასაკავებლად პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასაც აფასებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით შეიკრიბა მასშტაბური საპოლიციო ძალა, ხოლო დაკავების პროცესში შენობაში შეკრებილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო სპეციალური საშუალება – სავარაუდოდ წიწაკის გაზი. ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. 

ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით.  თავიდან უნდა იქნეს არიდებული მათი განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენება.

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას, რომლის ჩატარების დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან  ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული  ლეგიტიმური მიზანი.

ადმინისტარციული დაკავებები:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან განვითარებული მოვლენების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა არაერთი ადამიანი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის პროცესში დაუსაბუთებლად დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალადარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული დაკავების მიზნებსა და საფუძვლებს, აგრეთვე დაკავების წესს. ადმინისტრაციული დაკავების პროცესში სამართალდამცავები უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

დაუშვებელია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად, პირთა მათთვის არასასურველი ადგილიდან განსარიდებლად ან/და სხვა ისეთი მიზნით, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და ემყარება მხოლოდ ცალკეულ პოლიციელთა ან მათ ხელმძღვანელ პირთა მიხედულებას. 

ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების უფლებაში ჩარევის არაერთი შემთხვევა, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიცია აქციის მონაწილეებს დაუსაბუთებლად არ აძლევდა უფლებას, გაეშალათ კარავი, რაც წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევას“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.

საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ყველანაირი ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით. ასევე, მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და არ გამოიყენოს პოლიციური ძალა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img