15.10.2024
- Advertisement -spot_img

სახალხო დამცველი – ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ბავშვები დგანან. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე.

“საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს:

“წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252 მიაღწია. თუმცა, ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი”.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვა ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს და დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდზე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ასეთი სამი დაწესებულება ფუნქციონირებს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მათი დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა.

ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img