პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა ორი კვირის ვადით გადადო.
კანონპროექტის განხილვის ვადის ორი კვირით გადადების შესახებ ინიციატივა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა თუმცა, არც ერთი არსებითი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. ხალხს ჰგონია კომპეტენციების გამიჯვნას შეეხება ეს ნორმა. არადა განხილვის შესაძლებლობაზეა ლაპარაკი. ეს ყველამ კარგად ვიცით.
ამიტომ, ის ოდნავ საკამათო არგუმენტი – ასე ჩქარა რატომ განვიხილავთ, რომ გამოვრიცხოთ, ორი კვირის ვადა მივცეთ ოპონენტებს და შემდეგ იგივე წესით განვიხილოთ. ორი კვირის განმავლობაში მობრძანდით, წარმოადგინეთ სამართლებრივი არგუმენტები “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის ვადის გადადებას დაეთანხმა.
„ვეთანხმები ბატონ მამუკას, რომ პროექტი გადასადებია. ავჩქარდით, ახლა ცოტა ხნით შევანელოთ. სწორია, მეტი დრო იქნება ყველასთვის საფიქრალად. ყველა ერთად დავფიქრდებით და უკეთეს გადაწყვეტილებას მივიღებთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.